დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კონცეფციამ გაამართლა, სამტრედიაში ახალი ტურისტული სივრცე სრული დატვირთვით მუშაობს - ,,ფორთოხლები"

კონცეფციამ გაამართლა, სამტრედიაში ახალი ტურისტული სივრცე სრული დატვირთვით მუშაობს - ,,ფორთოხლები"

22-08-2023 21:37:53

კონცეფციამ გაამართლა, სამტრედიაში სოფელ საჯავახოში ახალი დასასვენებელი და ტურისტული სივრცე ,,ფორთოხლები'' რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ობიექტია. ეკომეგობრული კონცეფციის სასტუმრო კომპლექსი 11 აგვისტოს გაიხსნა და უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც ,,ფორთოხლების" თანადამფუძნებელი და დირექტორი ლაშა ულარჯიშვილი Business Insider Georgia -თან აღნიშნავს, ამ სივრცეში ვიზიტორს დახვდება ფორთოხლის პლანტაციები, ღია და დახურული სადღესასწაულო სივრცეები, ულამაზესი ტერასა, შთამბეჭდავი ხედი კოლხეთის დაბლობზე, კომფორტული კოტეჯები, აუზი, მრავალფეროვანი სერვისები, ეკომეგობრული გარემო.

„11 აგვისტოს ჩატარდა ღონისძიება და პროექტის პრეზენტაცია. შესაბამისად, ახლა შევედით ბაზარზე, ყოველდღიურად ფუნქციონირებს აუზი, ღია რესტორანი და ოთხი კოტეჯი. ჩვენი პროექტის კონცეფცია არის ეკომეგობრული სოფელი, რაც გამოიხატება იმაში, რომ პროექტის განხორციელებისას, მაქსიმალურად მოვახდინეთ შენობებისა და ინფრასტრუქტურის ადაპტაცია ბუნებრივ გარემოსა და ლანდშაფტთან, ასევე არ ვსარგებლობთ ბუნებრივი აირით და მოვიხმართ მხოლოდ ელექტროენერგიას, რომლის უმეტესი ნაწილიც არის განახლებადი. ამისთვის მზის ელექტროპანელები მოვაწყვეთ ჩვენს კოტეჯებსა და სხვა შენობებზე, ასევე ტრანსპორტი, რითაც მომხმარებლებს ვემსახურებით, ელექტრომობილებია, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე იმუხტება.

ეკომეგობრულობა ერთ-ერთი მთავარი ნიშაა, რაც გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. ამ ეტაპზე კომპლექსი სრულად დატვირთულია და მიმდინარეობს სტუმრების მიღება აუზზე, რესტორანსა და კოტეჯებში.

აუზზე მოწყობილია ღია კაფე, სადაც მომხმარებლებს ვთავაზობთ ასევე მსუბუქ მენიუს. ,,ფორთოხლების" ტერიტორიაზე არის ღიადა გადახურული რესტორანი, რომელიც ჩვენს სტუმრებს ნებისმიერი სეზონის დროს გაუწევს მასპინძლობას, როგორც ღონისძიების, როგორიც არის დაბადების დღე, ქორწილი და სხვა. ასევე, ყოველდღიური ვიზიტის კუთხით", - ამბობს ლაშა ულარჯიშვილი.

მისი თქმით, რესტორნის მენიუ ძირითადად ქართულია, და საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძებია შეტანილი. წამყვანი, ლოკაციიდან გამომდინარე, იმერული კერძებია.

სტუმრებს შეუძლიათ როგორც კოტეჯების დაქირავება, ასევე ცალკე აუზით სარგებლობაც. ,

,ფორთოხლები" შეკვეთებს სოციალური ქსელის და ტელეფონის მეშვეობით იღებს. სულ მალე ამ სერვისს კომპანიის ვებ-გვერდი დაემატება. როგორც ,ფორთოხლების" თანადამფუძნებელი ამბობს, აღნიშნულ ლოკაციაზე დაგეგმილია საკურორტო სასტუმროს ამოქმედება.

„სამომავლოდ სასტუმროს ოთხი ახალი ნომერი დაემატება, რომელიც მალე ჩაეშვება გაქირავებაში. მოეწყობა საკონფერენციო დარბაზი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სემინარებს, ასევე სხვადასხვა შეხვედრებს და ღონისძიებებს ვუმასპინძლოთ ბიზნეს და საჯარო სექტორიდან. ჩვენი კოტეჯების და აუზის წინ იშლება ვაშინგტონის ჯიშის ფორთოხლის პლანტაციის ხედი, რომელიც ასევე ჩვენს საკუთრებაშია. სახელწოდება ,,ფორთოხლები" სწორედ აქედან შეირჩა", - ამბობს ლაშა ულარჯიშვილი.

პროექტი შპს ,,ფორთოხლის ბაღების" ინვესტიციითა და სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში" თანადაფინანსებით განხორციელდა. ამ ეტაპზე ,,ფორთოხლებში" 20 ადამიანია დასაქმებული.

მათი უმრავლესობა რეგიონებიდანაა. კომპანიის დირექტორის თქმით, მათი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვა და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები