კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარების გაძლიერების, სტუდენტების ხელშეწყობის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი და სტუდენტებს შეხვდა, რომლებსაც უწყების 2022 წლის შედეგები გააცნო. შეხვედრაზე - საავტომობილო საწვავის, ფარმაცევტული, სასურსათო პროდუქტების ბაზარზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე სხვადასხვა საკითხები განიხილეს.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია აკადემიურ სექტორთან და სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობა, დიდი პატივია KIU-სთან თანამშრომლობა, როგორც სწრაფად მზარდ უნივერსიტეტთან, რომელმაც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო აღიარების მოპოვება და საქართველოს განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეძლო. შთამბეჭდავია ის გლობალური მასშტაბის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, პროექტები და გარემო, რაც ბოლო რამდენიმე წლებშია შექმნილი KIU-ში, რაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კიდევ ერთი დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.
სტუდენტების თანამონაწილეობა კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, გვექნება ბევრი კვლევითი პროექტი აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად. სტუდენტებს შევთავაზებთ სტაჟირების პროგრამებს და დასაქმების კარგ შესაძლებლობებს, რადგან მოტივირებული კურსდამთავრებულების ჩართულობა სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვანია. პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს გვქონდეს კარგი შედეგები საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში. " - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ და რექტორს, სტუდენტებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
"უნივერსიტეტი მიესალმება მსგავსი ტიპის ინიციატივებსა და თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა, რადგან იგი სტუდენტების მომავალ დასაქმებას და კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას სწავლების პროცესშივე მიიღონ გამოცდილება და ცოდნა. ჩვენც ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით წავახალისოთ სტუდენტები, მეტ პარტნიორთან ვითანამშრომლოთ და, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ სამუშაო ბაზარს, მივაწოდოთ კვალიფიციური და განათლებული კადრები", - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.
შეხვედრას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს" პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი, KIU-ს ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.
უახლესი
12 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი