თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ანდრია ბასილაიამ კვირეულისა და დედაქალაქის მერიის მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, დოკუმენტური სერიისა და რეპორტაჟის კატეგორიაში არჩეული ფოტოპროექტები მთელი წლის განმავლობაში, ბარათაშვილის ხიდის საფეხმავლო ნაწილზე, ღია საგამოფენო სივრცეში გამოიფინება.
„თბილისის მუნიციპალიტეტი დაარსების დღიდან მხარს უჭერს „ქოლგას“, რომელიც ჩვენი დედაქალაქის კულტურული ცხოვრების ნაწილი გახდა. ფოტოკვირეული ყოველ წელს გვთავაზობს ძალიან კარგ ნამუშევრებს, ბევრი ფოტოგრაფი ჩამოიყვანა დედაქალაქში და დაგვეხმარა მათი ნამუშებრების გაცნობაში. თბილისის მუნიციპალიტეტი კონკურსის მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ და ნომინაციაში - „მობილური ერთი კადრი“ გამარჯვებული გამოავლინა.
ღონისძიებაზე ასევე, გამოვლიდნენ 2023 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია; რეპორტაჟი; კონცეპტუალური ფოტოპროექტი; ერთი კადრი; მობილური ერთი კადრი.
„ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 45 ქვეყნის 440 ფოტოგრაფმა. ჯამურად, წარდგენილია 726 ფოტოპროექტი.
„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი“. მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი; სპონსორები: ფონდი „კეტარი“, „ვოლვო“, „ქენონი“, „ბინეხი“; პარტნიორები: „აჭარა ჯგუფი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტ არეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ და „პუბლიკა“, სასტუმრო „მოქსი“.
უახლესი
12 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი