ხაჭაპურის ნახევრადინდუსტრიულ წარმოებას ვგეგმავთ, არის ინტერესი აშშ-ს ისრაელის და ევროპის ბაზრებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Chizzzy-ის დამფუძნებელმა გიორგი ბოჭორიშვილმა განუცხადა.
მეწარმის ინფორმაციით, ბიზნეს-გეგმა უკვე მზად აქვთ და ინვესტორს ეძებენ. განიხილავენ, როგორც დამოუკიდებელ წარმოებას, ისე კოლაბორაციას.
„არის ინტერესი, რომ ქართული ხაჭაპური ნახევარფაბრიკატების სახით ევროპის, აშშ-სა და ისრაელის ბაზრებზე გაიყიდოს. ბუნებრივია ამას სჭირდება ტექნოლოგიური ხაზი და წარმოების სიმძლავრე. ევროპაში ქართული ყველის შეტანა დაშვებული არ არის, თუმცა ამ კუთხით შესაძლოა შესაბამისი სტანდარტის განვითარება, ასევე სხვა ბაზრებზე შესვლაც. ახლა ვართ აქტიურ ფაზაში, ვეძებთ ინვესტორს, რომ დავიწყოთ აჭარული ხაჭაპურის ნახევრად ინდუსტრიული წარმოება. რაც მოგვცემს საშუალებას, რომ გვქონდეს რამდენიმე პროდუქტი და კონკურენტული ფასი. რაშიც ევროპელი მწარმოებლები გვეხმარებიან. უცხოეთიდან რამდენი ქსელიდან არის ინტერესი, თუმცა მანამდე შესაბამისი სტანდარტი უნდა გვქონდეს, რათა იყოს გარანტია, რომ ქსელებს ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ“, - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
ამ დროისათვის Chizzzy-ის წარმოება აუთსორზეა. კომპანია მხოლოდ ერთი სახეობის გაყინულ ხაჭაპურს აწარმოებს და რამდენიმე სავაჭრო ქსელში, მათ შორის „წერტში“ და „აგროჰაბში“ იყიდება.
როგორც მეწარმე ამბობს, დღეს Chizzzy-ის გაყიდვები სტაბილურია და ყოველ წლიურად მცირე ზრდას აჩვენებს.
„სამი წელია რაც ბაზარზე ვოპერირებთ. გვყავს ჩვენი მუდმივი მომხმარებელი და ბაზარზე საკუთარი ნიშაც დავიკავეთ. ჩვენი მიზანია წარმადობის ზრდა და ბაზარზე აქტივობა, რასაც ახლა საწარმოსა და კონკურენტული ფასის არ არსებობის გამო ვერ ვახერხებთ“, - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.
როგორც მეწარმე ამბობს, ტექნოლოგიური ხაზი უკვე შემუშავებულია და რამდენიმე საცდელი პროდუქტი უკვე დაამზადეს.
„ევროპელებმა გაგვიზიარეს თავისი გამოცდილება. უკვე სატესტო პროდუქციაც დავამზადეთ გერმანიაში. ახლა ინვესტორის მოძიების პროცესში ვართ. გვაქვს მოლოდინი რომ ეს წარმოება გაამართლებს, რადგან ხაჭაპური ყველას უყვარს. ჩვენი მიზანია, რომ მსოფლიო ბაზარზე წამყვან რითელის ქსელებში თავისი ადგილი დაიკავოს,“ - ამბობს მეწარმე.
Chizzzy არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმშეფუთვაში ნახევრად გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს. კომპანია ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და 8 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი