საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განათლების სისტემის მზარდ ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც 2024 წელს 2.51 მილიარდ ლარს მიაღწია.
სკოლამდელ განათლებაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა ეთნიკური უმცირესობების გაძლიერების, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლების მიზნით ორენოვანი განათლების დანერგვაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობით ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს – 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამის მონაწილე არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების 61% ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში.
მინისტრმა განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა, სასკოლო განათლების სტრატეგიული მიმართულებების – ეროვნული სასწავლო გეგმის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის კომპლექსური შეფასების მიზნით, გასულ წელს, სამი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა. კვლევების მიზანი იყო, სასკოლო განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ განსხვავებული მოსაზრებების და პოზიციების შეჯერება და ამის გათვალისწინებით სამომავლო გეგმების დასახვა.
გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოყო – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის დამტკიცების, ყველა საგნობრივი სტანდარტის რევიზიის, სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭების საკითხები.
უახლესი
9 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი