ნოდარ მანჩხაშვილი პირველია საქართველოში, რომელმაც მოსახლეობას ძაღლების შესახებ რჩევა მისცა და მოქალაქეებს ძაღლების სწორად აღზრდაში ეხმარება.
როგორც მანჩხაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, საქმიანობა თავდაპირველად მოხალისედ დაიწყო, მერე თანდათან ჰობი პროფესიად იქცა. დღეს ,,ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრი" პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შინაური ცხოველებს ქცევით უნარ-ჩვევებს უყალიბებს.
როგორც თავად ამბობს, „ძია ნოდარი“ თავისი პაციენტების პატრონების შერქმეული სახელია და ძაღლების მოყვარულთა საზოგადოებაში ძირითადად ასე იცნობენ.
ფიქრობს, რომ ძაღლის ქცევა ინდივიდუალურია და არასდროს ყოფს, ჯიშის მიხედვით რომელია აგრესიული ძაღლი და რომელი - არა.
„ძაღლების ფსიქოლოგის სტატუსით საქმიანობა 10-12 წლის წინ დავიწყე. მაშინ ეს სიახლე იყო. ხალხმაც თანდათან ისწავლა, რომ ძაღლს მარტო საკვების მიცემა და დაბმა, თუნდაც მოფერება არ უნდა, საჭიროებს აღზრდას, უნარ-ჩვევების სწავლებას, დღეს ნელ-ნელა ვითარდება ეს სფერო.
ზოგადად ქართველები ტოლერანტული ხალხი ვართ, მაგრამ მიჩვეული არ ვართ ცხოველებზე ზრუნვას, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, უნდა მივეჩვიოთ, რომ შინაური ცხოველიც პიროვნებაა და სწორი მოქცევა უნდა, რასაც ნელ-ნელა ვსწავლობთ.
ბევრს აინტერესებს, რატომ არის ძაღლი აგრესიული და ამ მხრივ რომელი გამოირჩევა, რაც სინამდვილეში ინდივიდუალურია. ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე აგრესიული ლაბრადორი შემხვდა, ამ დროს მშვიდ ძაღლად მიიჩნევა.
ამ დროს არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ პიტ ბულს ჩემთვის 13 წლის მანძილზე ერთხელ მაინც დაეღრინა.
ორიოდე დღის წინ კი გერმანულ ნაგაზს ძლივს გადავურჩი, აგრესიულობაც ინდივიდუალურია. მთავარია, ძაღლებს უნარ-ჩვევების სწორად გამომუშავებაში დავეხმაროთ და ნელ-ნელა მივაჩვიოთ ქცევის წესებს", - ამბობს ნოდარ მანჩხაშვილი.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობამ ძაღლების მოვლა-პატრონობა უკეთ ისწავლა, შესაბამისად, მეტი ადამიანი ითხოვს მომსახურებაც, რის კულტურაც თანდათან ინერგება.
„ბოლო პერიოდში ლეკვების მოყვანაც დაიწყეს. აქამდე ძირითადად პრობლემური ძაღლები მოჰყავდათ, მოთხოვნა მატულობს და ხალხი ცდილობს, რომ ისწავლოს შინაური ცხოველის მოვლა. ევროკავშირის მოქალაქეები ჩვენგან იმით განსხვავდებიან, რომ ძაღლის აყვანამდე წინასწარ გადიან კონსულტაციას, როგორი ძაღლი სჭირდებათ, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ლეკვის გაწვრთნას კი ადრეულ პერიოდშივე იწყებენ.
ჩვენთან ეს კულტურა განვითარების ეტაპზეა.
მახსოვს, 8 წლის წინ მქონდა გადაცემა, რომელმაც უცებ გამხადა პოპულარული და ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც მსგავს მომსახურებას ითხოვდა. ეტყობოდა, რომ ხალხს აინტერესებდა ეს საკითხი, ძაღლის ყოლის მოთხოვნილება გაჩნდა, რაც განპირობებულია იმითაც, რომ ეკონომიკურად ცოტა მოვძლიერდით და მეტი მოთხოვნილება, მეტი საშუალება, რომ ძაღლი გვყავდეს", - ამბობს Business Insider Georgia- თან ძაღლების ფსიქოლოგი.
„ძია ნოდარის ძაღლების ქცევის ცენტრი" დაინტერესებულ პირებს სერვისს ძირითადად ადგილზე სთავაზობს.
უახლესი
9 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი