დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დინო“ ექსპორტის დასაწყებად ემზადება

„დინო“ ექსპორტის დასაწყებად ემზადება

23-08-2024 12:00:00

ეკომეგობრული ხის ავეჯის და სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „დინოს“ პროდუქცია წლის ბოლომდე ექსპორტზე გავა. როგორც Business Insider Georgia-სთან „დინოს“ დამფუძნებელმა ვივია გურგენიშვილმა განაცხადა, ექსპორტის დასაწყებად მოლაპარაკებები ევროპის მიმართულებებზე აქტიურ ფაზაშია. 

„ამ ეტაპისთვის ექსპორტი არ გაქვს, მაგრამ გვაქვს მოლაპარაკებები 7 ქვეყნის 30-მდე კომპანიასთან, ვისთანაც მოლაპარაკებები საკმაოდ აქტიურია და „დინო“ წლის ბოლოს სავარაუდოდ პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს.

ექსპორტის დაწყებაზე მოლაპარაკებებია ევროპის ქვეყნებთან, საუბარია საფრანგეთზე, ინგლისზე, დანიაზე, გერმანიაზე და სხვა. ამ ეტაპზე აქტიურად ვართ დეტალების განხილვაში საფრანგეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან“, - აცხადებს ვივია გურგენიშვილი.

ადგილობრივ ბაზარზე „დინოს“ პროდუქციის რეალიზაცია ხდება ონლაინ და როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, საბავშვო ხის ავეჯზე და სათამაშოებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 

„ამ ეტაპისთვის „დინოს“ პროდუქცია არც ერთ მაღაზიაში ფიზიკურად არ დევს და არ იყიდება. ჩვენი პროდუქცია იყიდება მხოლოდ ონლაინ, „დინოს“ სოცმედია ქსელების საშუალებით. B2C ბაზართან მხოლოდ ონლაინ ვართ წარმოდგენილები და ასევე აქტიურად ვართ B2B გაყიდვებში ჩართული, როგორც კერძო სკოლებთან ისე კერძო საბავშვო ბაღებთან.

როდესაც ოპერირება დავიწყეთ, 4 წლის კომპანია ვართ, მაშინვე საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა და გაყიდვები. პირველ წელს ზრდა იყო 300-400%-ი, მაგრამ ახლა უკვე გაყიდვები დასტაბილურდა და ბოლო 2 წელია შემოსავლები საკმაოდ სტაბილურად გვაქვს. ბრუნვა გვიფიქსირდება დაახლოებით 40%-იანი ზრდით“, - ამბობს „დინოს“ დამფუძნებელი.

 ვივია გურგენიშვილი მიიჩნევს, რომ დღეს რითეილ სექტორთან კომუნიკაცია რთულია და ამისათვის რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს. 

„რაც შეეხება ქსელებში შესვლას რთულიცაა და საკმაოდ მაღალი პროცენტი აქვთ. თუმცა ჩვენი პროდუქცია ძირითადად საბავშვო განმავითარებელი ავეჯია და ამიტომ ზოგადად მაღაზიებს ფართის გამოყოფა ჩვენი ავეჯისთვის უჭირთ. თუმცა გვქონდა მოლაპარაკებები „დომინოსთან“. ამ ეტაპებზე სათამაშოებს არ ვაწარმოებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ საქართველოში სათამაშოებისთვის უფრო მარტივია მარკეტებში მოხვედრა, რადგანაც შედარებით პატარა ადგილს იკავებს და მარტივია თაროების გამოყოფა, თუმცა მაინც ჩაკეტილი სივრცე აქვთ. მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა გვქონია, თუმცა ვფიქრობ, რომ რთულია“, - ამბობს  ვივია გურგენიშვილი.

„დინოს“ პროდუქცია, რომელიც თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მზადდება, ევრო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და რაც მთავარია წარმოებაში გამოყენებულ ყველა ნედლეული არის სერტიფიცირებული.

„დღეისათვის „დინოს“ კონკურენტული უპირატესობა არის მაღალი ხარისხის ნედლეული, ევრო სტანდარტებზე მორგებული პროდუქცია. წარმოებაში მხოლოდ სერტიფიცირებულ ნედლეულს ვიყენებთ, რაც უსაფრთხოების მაჩვენებელია და მშობელს შეუძლია, რომ თავისუფლად ათამაშოს ბავშვი. ერთ-ერთი უპირატესობა, რაც გაქვს ეს არის ავეჯის მრავალფეროვნება, როგორც შიდა, ისე გარე ატრაქციონები. 

„დინოს“ პროდუქციიდან ყველაზე მოთხოვნადია სენსორული მაგიდა, რომელიც ბავშვის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს, როგორც წვრილ მოტორიკას ისე ნეირო განვითარებას. მეორე მოთხოვნად პროდუქტად დავასახელებდი შვედურ კედელს, რომელიც მსხვილ მოტორიკას უწყობს ხელს და ბავშვის კუნთების განვითარებას. მესამეა გარე ატრაქციონები, რომელთა დამონტაჟებაც ეზოებში და სკვერებში ხდება. ყოველთვის ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი დიზაინი, რომელიც იქნება ფუნქციურად დატვირთული და ბავშვის სხვადასხვა კუნთების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს „დინოს“ დამფუძნებელი.

კომპანია „დინო“ დაარსდა 2019 წლის დეკემბერში, ხოლო წარმოება 2020 წლის აგვისტოში, პანდემიის დროს დაიწყო.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, იდეა წამოვიდა მაშინ როდესაც შვილებისთვის განმავითარებელი, ეკო მეგობრული სათამაშოების შეძენა დაჭირდა, მაგრამ ბაზარზე ვერ მოიძია.

„მოვიკვლიე ქართული ბაზარი და რაც მე მჭირდებოდა ვერ ვნახე. ზუსტად აქედან დაიწყო ჩემი იდეის ჩამოყალიბება და შემდეგ განხორციელება. მოვიძიე ინფორმაცია განმავითარებელ ხის ავეჯზე, გავეცანი პიკლერს, ვალდორფს, მონტესორს და მათი აღზრდის მეთოდს, რომ სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა თითოეულ პროდუქტზე მომხმარებლისთვის, რომელიც დღეს ძალიან დადებითად აისახება კომპანიის იმიჯზე. შემდეგ გავხსენი საწარმო, შევუდექი ძალიან რთულ, მაგრამ მოლოდინებით და იმედებით სავსე გზას, რომელიც დღესაც არ ჩამქრალა. ვფიქრობ სწორ გზაზე ვდგავარ. იდეებს იდეები ემატება და მე კი ძალა რომ ეს ყველაფერი სისრულეში მოვიყვანო. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია წარმოების სტანდარტი და ხარისხის პროცესი - ბრენდის შემქმნელები თავად მშობლები ვართ, ჩვენ გვყავს სამი არაჩვეულებრივი შვილი, რომლებსაც სჭირდებათ უსაფრთხო და ფუნქციონალური ავეჯი ყოველდღიური გამოყენებისთვის. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში თავად ვამოწმებთ ავეჯის ყველა ინოვაციურ იდეას და შეგიძლიათ გარანტირებულ იყოთ უსაფრთხოებასა და ხარისხის შესახებ, რასაც “დინოს” ბრენდი ქმნის. ჩვენ თითოეული ბავშვის უსაფრთხოების გათვალისწინებით ვგეგმავთ და ვაწყობთ ჩვენს წარმოებას. „დინო“ არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ საუკეთესო ხარისხის მასალები, მდგრადი დიზაინი და ინოვაციური გადაწყვეტილებები“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

„დინო“ აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული ნედლეულისგან, ბავშვის განვითარებაზე ორიენტირებულ ეკო-მეგობრულ ხის ავეჯს/სათამაშოს. „დინოს“ წარმოების პროცესი სრულიად შეესაბამება EN 71 სტანდარტის მოთხოვნებს. (დირექტივა 2009/48/EC)

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები