დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიღმის მასივში ორი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო

დიღმის მასივში ორი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო

13-03-2023 13:26:32

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერისა და კუნძულ ტექსელის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

 

სკვერებში, რომელთა საერთო ფართობი 3.5 ჰექტარია, იგეგმება გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემების, საბავშვო და სპორტული მოედნების, საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკების, ცხოველთა სასეირნო სივრცისა და დასასვენებელი პავილიონების მოწყობა. ასევე, მოეწყობა სამაგიდო სათამაშო სივრცეც.

 

მიმდინარე სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა.

 

„დავიწყეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - დიღმის მასივში, ლუბლიანას ქუჩიდან მაიაკოვსკის ძეგლამდე არსებული სივრცე მთლიანად რეაბილიტირდება. აღნიშნულ სივრცეში, რომელსაც მოსახლეობა ხშირად იყენებს, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. სივრცე, დაახლოებით, 3,5 ჰექტარია. ტერიტორიაზე  დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემები. ბავშვებისთვის მოეწყობა შესაბამისი ზონა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქ დასვენება და განტვირთვა სასიამოვნო იქნება. სამუშაოები მიმდინარე წლის  ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

ორივე რეკრეაციულ სივრცეში დაზიანებულია მწვანე საფარი, საპარკო ინფრასტრუქტურა, ფილები და საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არსებული ავარიული და დაავადებული ხეები საჭიროებს სანიტარიული ჭრების განხორციელებას. 

 

რეკრეაციულ ზონებში ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნერგები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 7 000 000 ლარს შეადგენს.

 

თბილისის მერთან ერთად, ადგილზე დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი იმყოფებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები