საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა. 2024 წლის 15 იანვრიდან შესაძლებელი გახდა ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყება (EPO), წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორციელებელ ინსტიტუციას. ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები. გარდა ამისა, გავრცელების სტატუსი გააჩნია 1 ქვეყანას, ვალიდაციის სტატუსი კი - 4 ქვეყანას. დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც, ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი.
15 იანვრიდან ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად ექნება იგივე იურიდიული ძალა და მათზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, როგორიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტისათვის.
„საქპატენტის“ თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის, რომელმაც ერთი თვის წინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ დაახლოებას ევროპულ ბაზართან. ამავდროულად, გაიზრდება საქართველოს ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობაც. მომავალში კი ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
„საქართველოსთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა გაზრდის ევროპული საპატენტო სისტემის მიმზიდველობას და მასზე წვდომას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვაზე. ის, აგრეთვე, შეამცირებს საქმისწარმოების დროსა და ხარჯს განმცხადებლისთვის, ასევე, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ადმინისტრაციულ ძალისხმევას, მოიტანს რა სამართლებრივი სიმყარის გარანტიას“, - ნათქვამია ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც უწყების პრეზიდენტის ანტონიო კამპინოსის ციტატაა მოყვანილი.
საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყველა იმ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ან საერთაშორისო (PCT) განაცხადზე, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან შემდგომ.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება