დაიხურება თუ არა რეაბილიტაციის გამო „ვარკეთილის“ მეტროსადგური? Business Insider Georgia-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. .
„გადაჭრით ვერც იმას ვიტყვით დაიხურება თუ არა რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტროსადგური თუ მისი ექსპლუატაცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ამ ეტაპზე საკითხზე მსჯელობა კონტრაქტორ კომპანიასთან მიმდინარეობს“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.
ამასთან, სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის გამო დახურვის შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ტრანსპორტი.
რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტროს 2 თვით ივნის-ივლისში დახურვის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 1-ელ თებერვალს განაცხადა.
თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „ბადა ქონსტრაქშენთან“.
„ვარკეთილის“ რემონტი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაუჯდება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 იანვარს, 10:30 საათზე, მეტროსადგურში ჭერი ჩამოიშალა, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა. მაშინ ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა,რომელიც 350 000 ლარი დაჯდა
მას შემდეგ მერიამ რემონტზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც „სამშენებლო კომპანია მამისონმა“ გაიმარჯვა.
2022 წლის 9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მერიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ხელშეკრულების თანხა 12.76 მილიონი ლარი იყო, რომლის 30 პროცენტიც მშენებელმა კომპანიამ უკვე მიიღო.
უახლესი