დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Coca-Cola VS PepsiCo - როგორია ამერიკული ბრენდების ფინანსური მაჩვენებლები საქართველოს ბაზარზე

Coca-Cola VS PepsiCo - როგორია ამერიკული ბრენდების ფინანსური მაჩვენებლები საქართველოს ბაზარზე

22-06-2023 12:00:47

ბოლო 5 წლის განმავლობაში, Coca-Cola Bottlers Georgia-სა და PepsiCo Georgia-ს თანაბარი წლიური საშუალო ზრდის ტემპი (CAGR) ჰქონდათ - დაახლოებით 20%. თუმცა Coca-Cola Bottlers Georgia-ს შემოსავლები (₾284 მილიონი) 3-ჯერ აღემატება PepsiCo Georgia-ს შემოსავლებს (₾89 მილიონი).

როგორც „ფინსპოტის“ მიერ დამუშავებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2021 წელს PepsiCo Georgia-ს შემოსავლები თითქმის გაორმაგდა, რაც დიდწილად სნექების დისტრიბუციის დამატებით არის გამოწვეული. თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდა კომპანიის საერთო მოგების მარჟა (gross profit margin). 2016-2020 წლებში საერთო მოგების მარჟა საშუალოდ 33% იყო, 2021 წელს კი 22%-ი შეადგინა. სავარაუდოდ, ეს დიდწილად გამოწვეულია სნექების დისტრიბუციის დამატებით, რომელსაც შესაძლებელია გაცილებით დაბალი მარჟა აქვს ვიდრე გამაგრილებელ სასმელებს.

„Coca-Cola Bottlers Georgia წლების განმავლობაში მომგებიანია (2020 წლის გარდა), მაშინ როდესაც PepsiCo Georgia ზარალზე მუშაობს.  PepsiCo Georgia-ს ზარალიანობის ძირითადი მიზეზი საოპერაციო ხარჯების მართვაა.

- PepsiCo Georgia-ს საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავალში 27%-ია, კონკურენტის კი მხოლოდ 13%-ი. ძირითადი გამომწვევი მიზეზი პროპორციულად გაცილებით მაღალი თანამშრომლების ხარჯებია, რომელიც ჩვენს ანალიზში ცალკე გვაქვს წარმოდგენილი. PepsiCo Georgia-ს ასევე მაღალი ტრანსპორტირების ხარჯები აქვს. ტრანსპორტირების ხარჯების წილი შემოსავლებში 3.8%-ია, Coca-Cola Bottlers Georgia-ს შემთხვევაში კი მხოლოდ 1.5%.

მარკეტინგულ აქტივობებში Coca-Cola Bottlers Georgia-მ ₾7.1 მილიონი დახარჯა, PepsiCo Georgia-მ ₾2.3 მილიონი. ორივე შემთხვევაში მარკეტინგისა და სარეკლამო ხარჯები შემოსავლების ~3%-ს წარმოადგენს.

მარაგების მართვის კუთხით დიდი სხვაობა არ არის. Coca-Cola Bottlers Georgia 29 დღეში ყიდის მარაგებს, PepsiCo Georgia კი 34 დღეში.

კაპიტალის სტრუქტურის თვალსაზრისით კი დიდი სხვაობაა კონკურენტებს შორის. Coca-Cola Bottlers Georgia-ს სესხების წილი მთლიან აქტივებში 38%-ია, PepsiCo Georgia-სი კი 86%-ი. PepsiCo Georgia-ს ფინანსურ წნეხს უქმნის ლიკვიდურობის პრობლემაც, ვინაიდან დიდი მოცულობის მიმდინარე ვალდებულებების დაფარვას ვერ ახერხებს მიმდინარე აქტივებით. საინტერესოა რა შეცვალა PepsiCo Georgiaმ 2022 და მიმდინარე წელს საოპერაციო ხარჯების და/ან მოკლევადიანი ლიკვიდურობის მართვის კუთხით.

კომპანიების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხები და თვითღირებულების ხარჯები.

ორგანიზებული FMCG ბაზრის ზრდასთან ერთად, კომპანიების მარჟებზე წნეხი სავარაუდოდ გაიზრდება მომდევნო წლებშიც. ქსელური სავაჭრო ობიექტები, ფართო გეოგრაფიული დაფარვიდან და მომხმარებლების რაოდენობიდან გამომდინარე, მომწოდებლებისგან მეტ ფასდაკლებას ითხოვენ პროდუქტის თაროებზე განთავსების სანაცვლოდ.

სპორტული დარბაზები თითქმის სავსეა, ხალხი უფრო მეტადაა ფოკუსირებული ჯანსაღი ცხოვრების წესზე. შესაძლებელია, ამ სექტორზე გათვლილი პროდუქტების უფრო მრავალფეროვანი შეთავაზებაც საინტერესო აღმოჩნდეს ჩვენი ბაზრისთვის. მაგალითად, არ იქნება ურიგო Gatorade-ის ფართო დისტრიბუცია დაიწყოს PepsiCo Georgia-მ და Smartwater-ის Coca-Cola Bottlers Georgia-მ“, - აღნიშნულია „ფინსპოტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

Coca-Cola Bottlers Georgia ახდენს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის ჩამოსხმა/რეალიზაციას საქართველოში და ასევე პროდუქციის ექსპორტს სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანიას ეკუთვნის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჯორჯიან პალას ჰოტელი“ ქობულეთში, რომელიც 2018 წლის 1 მაისიდან იჯარით გადასცა ერთობილი კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიას.

PepsiCo Georgia (სს იბერია რეფრეშმენტსი) ძირითადად ახდენს გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმა/რეალიზაციას PepsiCo, Inc.-თან ფრანშიზული ხელშეკრულების ფარგლებში. 2021 წლის მარტში კომპანიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოსთან“, რომლის საბოლოო მშობელი კომპანიაც PepsiCo Inc.-ია, და შედეგად ეწევა სნექების (Lay's, Doritos, Cheetos, etc.) დისტრიბუციასაც.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები