შეფ გურამ ბაღდოშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ რესტორანი „ჩვენი“ მზარდი ბიზნესია, რომელიც ჰორიზონტებს მსოფლიო ტურისტული მიმართულებით აფართოებს და ქართული სამზარეულოს პოპულარიზებას ცდილობს, რათა უცხოელებს უკეთ გააცნოს ის ღირებულებები, რისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში ჩამოსვლა.
ამასთან, „ჩვენი“ როგორც ბრენდი სულ უფრო პოპულარული ხდება და 2024 წლის მეორე ნახევარში რესტორნები ფრანჩაიზინგით პრაღაში, მადრიდსა და ლისაბონში გაიხსნება. განიხილება აშშ-ის ბაზარიც.
„გასულ წელს ბევრი უცხოელი სტუმარი ეწვია ჩვენს რესტორანს და შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა სერვისზე ყოველწლიურად 15-20%-მდე იზრდება. თუმცა ჩვენი მიზანია, სულ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი მოვიზიდოთ. ამის მისაღწევად კი, მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვცდილობთ დავესწროთ ტურისტულ თუ კულინარიულ გამოფენებს, კონკურსებს, სემინარებს თუ სხვა სახის ღონისძიებებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში“, - ამბობს რესტორნის მფლობელი.
რაც შეეხება „ჩვენის“ კონკურენტულ უპირატესობას სარესტორნო ბაზარზე, შეფ გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ რესტორანში მომზადებული ყველა ქართული კერძი მოდერნიზებულად ტრანსფორმირებულია: „კერძებში შენარჩუნებულია ავთენტური გემოვნური თვისებები, პროდუქტები არის უმაღლესი ხარისხის. რესტორანში ასვე შეხვდებით იაპონურ და აზიურ სამზარეულოსაც, რომლის განახლებაც ყოველწლიურად ხდება შესაბამისი ქვეყნიდან მოწვეული შეფ მზარეულების დახმარებით“.
რესტორანი „ჩვენი“ მეექვსე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.
„რესტორნის გარემო აწყობილია ურბან არტ დეკოზე, წარმოდგენილია მცირე ურბანული მუზეუმი, ის ნივთები რომლებიც დაეხმარა ადამიანს კულინარიულ განვითარებაში. წარმოდგენილია თბილისური ეზო - „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმეხტი“, ქმნის ულამაზეს გარემოს და სარესტორნო სივრცეში ერთდროულად 150 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი. რესტორანში ასევ არის შეფ-რუმი(Chef Room) სადაც სტუმრებს სთავაზობენ მასტერკლასებს“, - ამბობს ბაღდოშვილი.
ამ დროისთვის რესტორანში დასაქმებულია 40 ადამიანი.
უახლესი