საქართველოში ჩირის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანია ,,ნომა“ წარმოებას ზრდის. კომპანიამ წელს მოცვის წარმოება პრაქტიკულად გააორმაგა და ამ ეტაპზე ასკილის წარმოებაზე მუშაობს, საპროგნოზო მაჩვენებელი კი 200 ტონაა, რომელსაც ,,ნომა“ წელს გადაამუშავებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის თანადამფუძნებელი ზანდა მესხიძე საუბრობს.
,,ჩვენი კომპანია აწარმოებს კენკროვანებს და სამკურნალო მცენარეებს, როგორიცაა ასკილი, ტყის მოცვი, უკვდავას ყვავილი, ქაცვი და ევკალიპტი. მიმდინარე პერიოდში ასკილისა და უკვდავას ყვავილის მიმართულება არის ყველაზე აქტიური. სეზონზე დაახლოებით 200 ტონამდე ასკილს ვაშრობთ და ვამზადებთ ექსპორტისთვის. რაც შეეხება ზოგადად კენკროვანი და სამკურნალო მცენარეების ხაზს, წლიურ წარმოებაზე ამ ეტაპზე კონკრეტულად გამიჭირდება, რადგან მათი წარმადობა მაინც დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, ვინაიდან ველური ბუნებიდან მიღებული პროდუქციაა და შეიძლება რაოდენობა არ იყოს იმდენი, რაც წარმოებისთვის გვჭირდება, ასეა, რაც არ უნდა ვეცადოთ და მოვინდომოთ“, - აცხადებს ზანდა მესხიძე.
რაც შეეხება ლურჯ მოცვს, ,,ნომა“ წარმოებას, წლიდან წლამდე მზარდია. წელს მთავარი აქცენტი საწარმოს გადაიარაღებაზე კეთდება, რაც წარმოებას, მინიმუმ გააორმაგებს.
,,ამ ეტაპზე ,,ჰასპის“ სტანდარტის დანერგვაზე ვმუშაობთ. ამასთან, ვაშენებთ დამხმარე ნაგებობას, სადაც იქნება თანამშრომლებისთვის გასახდელები და საჭირო ინვენტარი, აღნიშნული ინფრასტრუქტურა მეტად მოწესრიგებული და სტანდარტის სრულად შესაბამისი. სავარაუდოდ ვისარგებლებთ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით, რითაც საშრობი დანადგარის მოწყობას ვგეგმავთ. დაფინანსების მიღების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიით, წარმოების გაფართოებას შევძლებთ. ამ მხრივ აქცენტს განსაკუთრებით ლურჯ მოცვზე ვაკეთებთ. როგორც აღვნიშნე, ველურ კენკრას წარმოება დამოკიდებულია აჭარის მაღალმთიანი პერიმეტრის კლიმატზე და არა მხოლოდ. ტყის მოცვი ნაკლებია ვიდრე იყო და ესეც შესწავლის სფეროა, უცნობია, რეალურად რას უკავშირდება ამ მიმართულებაში კლება. ჯერჯერობით ყველაზე სტაბილურად ასკილის მოსავალი არის შენარჩუნებული, რაზეც დიდი მოთხოვნაა გლობალურ ბაზრებზე, ასვე საქართველოშიც“, - ამბობს მესხიძე.
ცნობისთვის, 2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაშენებული მოცვის ბაღებს „ნომამ“ კომერციული ბანკის დახმარებით 4 ჰა მიწა მიამატა. გასულ წელს კომპანიამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოიტანა ლაბორატორიულად შემოწმებული რამდენიმე ჯიშის 15 000 ნერგი, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ამ ეტაპზე ,,ნომას“ მეურნეობაში სტაბილურად 20 დასაქმებული მუშაობს. დარგვის პროცესში დამატებით 20, კრეფის სეზონზე კი – 100-ამდე ადამიანი ემატება.
უახლესი
6 საათის წინ
ანანასის იმპორტი 46%-ითაა გაზრდილი