დედაქალაქში BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში (თანხობრივად) 25%-ით მეტი ჯარიმაა შესული ვიდრე გასული წლის 8 თვეში.
სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, გაჩერების ან დგომისათვის ბიუჯეტში სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) შესულმა შემოსავალმა 4,526,311.78 ლარი შეადგინა.
აქედან 2,715,787.06 ლარი იყო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტი შემოსავალი, ხოლო 1,810,524.72 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის.
2022 წლის 10 თვის სტატისტიკით, თბილისში BUS LANE-ზე ავტომობილების მოძრაობის, გაჩერების ან დგომის გამო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 3,607,934.06 ლარია შესული.
ამასთან, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში BUS LANE-ზე გავლისთვის ან დგომისთვის ჯარიმის საერთო მოცულობამ 2,619,602.53 ლარი შეადგინა.
BUS LANE ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის სპეციალურად გამოყოფილი სავალი ნაწილია. გზაჯვარედინებსა და ქუჩების შესახვევებში BUS LANE-ები წყვეტილია, რაც კერძო მანქანებსა და ტაქსებს სასურველი მიმართულებით შესვლის უფლებას აძლევს.
როგორც რამდენიმე დღის უკან გახდა ცნობილი, თბილისის საჯარო და კერძო სკოლების ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავს, საავტობუსო ზოლში გადაადგილებას შეძლებენ.
იმავდროულად, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის უნდა გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე, მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ.
როგორც თბილისის მერიის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად - სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომისთვის – ჯარიმა 100 ლარია.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება