დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Big Sam's-ი თბილისში გაფართოების შემდეგ ბათუმსა და ქუთაისში რესტორნების გახსნას განიხილავს

Big Sam's-ი თბილისში გაფართოების შემდეგ ბათუმსა და ქუთაისში რესტორნების გახსნას განიხილავს

14-10-2024 11:00:00

ვგეგმავთ, რომ 2025 წლის ბოლომდე თბილისში 7 ობიექტით ვიყოთ წარმოდგენილი, ხოლო ამის შემდეგ ფილიალების გახსნას ბათუმსა და ქუთაისში განვიხილავთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Big Sam's • ბიგ სემის დამფუძნებელმა ირაკლი გორდელაძემ განაცხადა.

Big Sam's-ი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს დღეისათვის თბილისში 3 ფილიალს აერთიანებს. Big Sam's-მა რიგით მესამე ფილიალი რამდენიმე კვირის უკან მოსეშვილის #24-ში გახსნა, ხოლო მანამდე მისი რესტორნები „გალერია თბილისი თბილისში“ და ყაზბეგის #2-ში უკვე წარმატებით ფუნქციონირებდა. 

„ჩვენს მენიუშია პრემიუმ ხარისხის პროდუქტებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის ბურგერი, ტაკო, ბურიტო და მილქშეიკი. სულ ამერიკული ასორტიმენტია. Big Sam's-ი წარმოადგენს Street food-ის კონცეფციის რესტორანს, სადაც შეძლებისდაგვარად ვიყენებთ ქართულ პროდუქტებს.  მაგალითისთვის გეტყვით, რომ ვიყენებთ გაუყინავ ხორცს, რომელიც ყოველდღიურად კახეთიდან ჩამოგვდის. რაც შეეხება პურს, ჩვენი პარტნიორი საცხობი ყოველდღიურად ახალ პროდუქციას გვიმზადებს. ბოსტნეულსაც ქართულს ვიყენებთ. რეალურად ჩვენს წარმოებაში 50%-ზე მეტი ქართული პროდუქტია“, - აღნიშნა Big Sam's-ის დამფუძნებელმა. 

Big Sam's-ი ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც აქტიურად მუშაობს და უახლოეს კვირებში მომხმარებელს ჰოთ-დოგებსაც შესთავაზებს.

„ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გეტყვით, რომ ყოველწლიურად 10-15%-იანი ზრდა გვაქვს. Big Sam's-ის მომხმარებლების უმეტესობა ადგილობრივია, თუმცა ტურისტებშიც საკმაოდ პოპულარულები ვართ. მხოლოდ TikTok-ზე გვყავს 300 000 გამომწერი, რომლის ნახევარიც უცხოელები არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან. აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან გვყავს ხოლმე სტუმრები, რომლებიც საკუთარ ვიდეოებში აღნიშნავენ, რომ „ამიტომ ჩამოვიდნენ“... „ამიტომ დაგეგმეს“... ასეთი შეფასებებია“, - განმარტავს ირაკლი გორდელაძე.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, Big Sam's წარმოდგენილია delivery სეგმენტშიც და ქართულ ბრენდებს შორის მოწინავე პოზიციაზეცაა.

Big Sam's-ის სამივე ფილიალში უკვე 100 ადამიანამდეა დასაქმებული და როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, მენეჯმენტის მხრიდან ყველაფერი კეთდება მათ შესანარჩუნებლად.

„გეტყვით, რომ კადრების შენარჩუნების მიმართულებით მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ჩვენი გუნდის წევრები არიან და ჩვენთან ერთად მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვთ, დაფასებული გვყავდეს - რამდენადაც ეს შესაძლებელია. „გაყინული“ ხელფასი ამა თუ იმ პოზიციაზე არ გაქვს და გამოცდილების მიხედვით მუდმივად ვცდილობთ, რომ ხელფასები გავზარდოთ. ანუ ადამიანებს დავუფასოთ ის შრომა, რაც ჩადებული აქვთ“, - ამბობს ირაკლი გორდელაძე

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები