სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების თაობაზე პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ პროტესტის წევრებმა, ცოტნე თვარაძის მონაწილეობით, სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით 2023 წლის 6 ნოემბერს მიმართეს. ისინი ითხოვდნენ, მხარეებს შორის არსებული სასამართლო დავის დასრულებამდე შეჩერებულიყო კანიონზე მიმდინარე სამუშაოები. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ვერ მიუთითებდნენ ისეთ გარემოებებზე, რომლებიც გასაჩივრებული აქტის უკანონობაზე გონივრული ეჭვის სტანდარტს დააკმაყოფილებდა.
შესაბამისად, დაწყებული სამუშაოები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებული სამუშოების თითქმის ნახევარი უკვე განხორციელებულია. პროექტს „კანიონი 350“ ახორციელებს, რომელმაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, ასევე 370 მეტრზე მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომლის მეშვეობითაც, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო. ეს იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში. შესაბამისად, ბალდის კანიონი პირველად გახდება სრულად ხელმისაწვდომი და ვიზიტორებიც პირველად მიიღებენ როლერით დათვალიერების დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბალდის კანიონი იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში, სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით - როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.
უახლესი
3 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით