დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

ბაქოს პორტსა და საქართველოს პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგია დაინერგება

27-02-2024 19:00:00

ბაქოსა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ საქართველოში შუა დერეფნის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს კონტეინერების ტრანსპორტირების გაზრდას.

`შუა დერეფნის გასავითარებლად, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა უნდა გავაუმჯობესოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიგიტალიზაცია და სხვა გადაწყვეტილებები ვერ დაეხმარება ჩინეთიდან მეტი ტვირთის მოზიდვას. ბაქოს პორტი გააფართოვებს თავის საქმიანობას და შესაძლებლობებს კონტეინერების ტრანსპორტირების სფეროში", - ხაზგასმით აღნიშნა ჰასანლიმ.

შუა დერეფნის დიგიტალიზაცია მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ხელს უწყობს ამ მარშრუტის შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას.

ამის შესახებ საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ გენერალურმა მდივანმა გაიდარ აბდიკერიმოვმა საქართველოში შუა დერეფანზე გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დიგიტალიზაციის საკითხს.

„შუა დერეფანი შეიძლება მივიჩნიოთ მუდმივად მზარდ და განვითარებად ცოცხალ ორგანიზმად. ის კვლავ რჩება განვითარების დინამიკაში, რაც მიუთითებს ამ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის წარმატებაზე“, - აღნიშნა აბდიკერიმოვმა.

აბდიკერიმოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად საშუალო დერეფნის გასწვრივ წელიწადში დაახლოებით 80 ათასი კონტეინერის ტრანსპორტირება ხდება, თუმცა არის შესაძლებლობა, მომავალში გამტარუნარიანობა 111 ათას კონტეინერამდე გაიზარდოს.

შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები აქტიურად მუშაობენ გაზრდილი ტვირთბრუნვისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტების გასაუმჯობესებლად.

ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა შუა კორიდორზე საქართველოში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„შუა დერეფნის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჩვენ, მონაწილე ქვეყნები, აქტიურად ვმუშაობთ ტვირთების მოზიდვის კუთხით გააქტიურებაზე და დერეფნის იმ კომპონენტების გაუმჯობესებაზე, რომლებიც მნიშვნელოვანია და აუცილებელია ტვირთების გაზრდილი მოცულობის დასამუშავებლად. 

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ დღეს შუა დერეფანი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებამდე, არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა .

27 თებერვალს, თბილისში, რეგიონული ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ კვლევას ეძღვნებოდა, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, სახელმწიფო საწარმოები, კერძო სექტორი და ანალიტიკური ცენტრები მონაწილეობდნენ. 

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი,  იგივე „შუა დერეფანი"  საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები