დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ახალგაზრდა მოსახლეობის ემიგრაცია და შობადობის შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისების მოთხოვნაზე - თიბისი კაპიტალი

ახალგაზრდა მოსახლეობის ემიგრაცია და შობადობის შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისების მოთხოვნაზე - თიბისი კაპიტალი

06-07-2023 10:00:50

ჯანდაცვა ერთ-ერთი მზარდი და სწრაფად განვითარებადი სექტორია - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ჯანდაცვის სექტორის მიმოხლვაშია ნათქვამი. 

2013-2022 წლებში ჯანდაცვის სექტორის გამოშვება აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა: 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის გამოშვებამ 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.6-ჯერ მეტია. 

აღნიშნულ პერიოდში, გამოშვების თვალსაზრისით სექტორმა 10%-იანი კუმულატიური წლიური ზრდა (CAGR) აჩვენა.

საქართველოს ჯანდაცვის სექტორი არსებული მონაწილეების რაოდენობისა და მათი შესაბამისი ბაზრის წილის მიხედვით საკმაოდ დივერსიფიცირებულია და შესაბამისად, კონკურენცია მაღალია.

საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ფინანსური მდგომარეობა დადებითია: საავადმყოფოების მთლიანი შემოსავალი გაიზარდა 2018 წლის 1.2 მილიარდი ლარიდან 2021 წელს 1.8 მილიარდ ლარამდე.

2020 წელს COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კლინიკების შემოსავლებსა და ხარჯებზე და მოგების მარჟა 3%-მდე შემცირდა, თუმცა, 2021 წელს პანდემიის მართვის დაფინანსების ზრდასთან ერთად  ჯანდაცვის სექტორში EBITDA მარჟა 25%-მდე, ხოლო მოგების მარჟა  17%-მდე გაიზარდა.

2013-2022 წლებში საქართველოში ჯანდაცვაზე  დანახარჯები  იზრდებოდა:

2022 წელს ჯანდაცვაზე მთლიანმა დანახარჯებმა 4.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 72%-ით მეტი იყო 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2020 და 2021 წლებში პანდემიამ ჯანდაცვის ხარჯები გაზარდა, ხოლო 2022 წლის პანდემიის დასრულების შემდეგ Covid-19-თან დაკავშირებული ხარჯები წინა წელთან შედარებით შემცირდა.

2013-2022 წლებში სახელმწიფოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გაფართოებასთან ერთად, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯებში ჯიბიდან გაღებული დანახარჯების წილი 65%-იდან (2013) 43%-მდე შემცირდა (2022). აღნიშნულ პერიოდში კერძო ჯანდაცვის დაზღვევის წილი მთლიან ხარჯებში 14%-დან 7%-მდე შემცირდა, ხოლო სახელმწიფო დანახარჯების წილი 20%-იდან 50%-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების უდიდესი წილი (საშუალოდ 57%) საყოველთაო დაზღვევაზე მოდის. საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამის გარდა, სახელმწიფოს აქვს მიზნობრივი პროგრამები. 2022 წელს მიზნობრივ პროგრამებს დაემატა ორგანოთა ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაცია), რომელსაც სამომავლოდ განვითარების პერსპექტივა აქვს.

ჯანდაცვის სერვისებზე მოთხოვნაზე დიდ გავლენას ახდენს მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში კლებადი ტენდენციით ხასიათდებოდა, გამონაკლისს წარმოადგენს 2022 წელი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში მიგრაციული ნაკადები გაიზარდა.

ქვეყნიდან ახალგაზრდა მოსახლეობის ემიგრაცია და შობადობის შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს ჯანდაცვის სერვისების მოთხოვნაზე.

2013-2021 წლებში საქართველოში  ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელთა რაოდენობა გაიზარდა. ასევე, გაიზარდა საწოლების რაოდენობაც. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი საშუალოდ 50% იყო, რაც დაბალი მაჩვენებელია და  რესურსების არაეფექტიანად გამოყენებაზე მიუთითებს.

აღნიშნულ პერიოდში  ასევე გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, თუმცა, საქართველოს აქვს ექთანი-ექიმის დაბალი თანაფარდობა (0.98), რაც საექთნო რესურსების პოტენციურ დატვირთვაზე მიუთითებს და ნეგატიურად მოქმედებს პაციენტის მკურნალობასა და მონიტორინგზე.

კვლევაში გამოიკვეთა ჯანდაცვის სექტორის შემდეგი სამომავლო პერსპექტივები:

კლინიკების გაერთიანება: ბაზარზე არსებული კონკურენცია და უახლესი თუ დაგეგმილი რეგულაციები კონსოლიდაციის შესაძლებლობებს ქმნის.  რესურსებისა და სერვისების კონსოლიდირებით, საავადმყოფოებს შეუძლიათ, შეამცირონ ხარჯები და გააუმჯობესონ საოპერაციო ეფექტიანობა. 

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა: უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა (წილობრივი მონაწილეობა) კლინიკებს სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობასა და განვითარების პერსპექტივას აძლევს, ხოლო სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. 

სამედიცინო ტურიზმის განვითარება: საქართველოს აქვს პოტენციალი განავითაროს სამედიცინო ტურიზმი და მოიზიდოს პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი), ცენტრალური აზიიდან (ყაზახეთი, უზბეკეთი და ა.შ.) და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან. 

მაღალი პოტენციალის მქონე მიმართულებები: ჯანდაცვის სექტორში მაღალი პოტენციალი აქვს შემდეგ მიმართულებებს: ორგანოების ტრანსპლანტაციას, ინსულტის მართვას და პოსტ-ოპერაციულ რეაბილიტაციას. ხოლო იმ მიმართულებებიდან, სადაც DRG არ ერთვება, გამოიყოფა პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, თმის გადანერგვა და ესთეტიკური მედიცინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები