საგადასახადო კოდექსში მორიგი ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში/ებში ჩართული პირების მიმართ.
უფრო კონკრეტულად, პროექტით წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს.
კანონის პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული შემოსავალი და გაცემული ხელფასი, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.
ცვლილება ასევე შედის 99-ე მუხლში, რომლის თანახმად მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება, აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების სუბიექტების საქმიანობის ფარგლებში პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.
გამომდინარე იქიდან, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გათვალისწინებულია მთავრობის ვალდებულება 2024 წლის პირველ ივნისამდე დაამტკიცოს „აგროტურისტული და ღვინის ტურიზმის საქმიანობების პრინციპები, საქმიანობის სუბიექტების სტატუსის მინიჭების/გაუქმება წესი და პროცედურები“, მიზანშეწონილია კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის 1 ივლისი. კანონპროექტი არ ითვალისიწინებს უკუძალის საკითხს.
უკვე ცნობილია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს, სახელმწიფო ან/და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსების მქონე ის სუბიექტები, რომელთა საქმიანობების ფარგლებში, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს, გათავისუფლდებიან საშემოსავლო და მოგების გადასახადებისგან.
შეღავათით შემცირდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, პროექტის ამოქმედებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ორი ფაქტორი: სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი საწარმოების უმეტესობა დღეს უკვე სარგებლობს შეღავათებით. როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ასევე ტურიზმის დარგშიც, ბევრია არარეგისტრირებული საწარმო, რომელიც ისედაც არ იხდის არანაირ გადასახადს.
აღსანიშნავია, რომ დღეს ყველაზე გავრცელებული აგროტურისტული ობიექტები არიან ღვინის მარნები (ამ სფეროს სპეციალისტების ინფორმაციით აგროტურიზმის დაახლოებით 85-90%), რომლებიც ტურისტებს სთავაზობენ სერვისებს (ღვინის და კერძების დეგუსტაცია, მასტერკლასები, რთველში მონაწილეობა და სხვ.). ამასთან, აგროტურიზმის კომპანიებს, რომელთა იდენტიფიცირება დღეისათვის არის შესაძლებელი წარმოადგენენ ღვინის მწარმოებელი კომპანიები (მარნები), რომლებიც ჩართულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ პროექტ „ღვინის გზაში“.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით არსებული 352 „ღვინის გზის“ პროექტში მონაწილე მარნიდან დაიდენტიფიცირდა 213, აქედან 500 000 ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი/ბრუნვა დაუფიქსირდა 150 ბიზნეს სუბიექტს.
„ღვინის გზის“ პროექტში მონაწილე მარნების მიერ დეკლარირებული საშემოსავლო/მოგების გადასახადები, რომელთა შემოსავალი 2022 წელს არ აღემატებოდა 500 000 ლარს
საგულისმოა, რომ დღეისათვის არ არსებობს სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაარეგულირებს აგროტურიზმთან და ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სამართლებრივ ურთიერთობებს. აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი მჭიდრო კავშირშია, როგორც ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან. შესაბამისად, ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ვერ ფარავს მათთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს და მოითხოვს სპეციფიკურ რეგულირებას. ასევე, არ არსებობს როგორც აგროტურისტული, ასევე, ღვინის ტურიზმის ობიექტების ერთიანი ბაზა, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქართველოში არსებულ შესაბამის ობიექტებს და შეარჩიონ მათთვის სასურველი დანიშნულება. საკითხის აქტუალურობიდან და „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე, შემუშავდა აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ირმა ზავრადაშვილი, გელა სამხარაული, ანტონ ობოლაშვილი, ბეჟან წაქაძე არიან.
უახლესი
12 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება