დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ADB საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება, რისთვისაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს

ADB საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება, რისთვისაც 50 მლნ დოლარს გამოყოფს

17-04-2024 11:22:00

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რაც საქართველოში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ADB-ის ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ბანკი აღნიშნულ დაფინანსებას გაიღებს მას შემდეგ, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად, გაზრდის პირველადი ჯანდაცვისა და სპეციალიზებული ამბულატორიული პაციენტების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სერვისების საბიუჯეტო დაფინანსებას და გააუმჯობესებს სექტორის ოპერაციულ ეფექტიანობასა და ფინანსურ მდგრადობას. 

“ეს პროგრამა წარმოადგენს ADB-ის ყოვლისმომცველ და ინტეგრირებულ პაკეტს, რაც საქართველოში ჯანდაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად,” განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა. “პროგრამა ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კი დაეხმარება ქალებს, სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს.”

საქართველოს არაგადამდები დაავადებების მაღალი მაჩვენებელი აქვს, მათ შორისაა გულის დაავადებები, ჰიპერტენზია, სიმსივნე და დიაბეტი, რაც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ჯანმრთელად დაბერების შესაძლებლობას. სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიული სერვისების გაძლიერება გააუმჯობესებს ამ დაავადებების მართვას, რომელთა უმრავლესობა შექცევადია.

პროგრამა ეხმარება მთავრობის პირველადი ჯანდაცვის პაკეტის გაუმჯობესებას, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს გაზრდილ სერვისებზე უკეთესი წვდომა განსაკუთრებით ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისთვის. ის ასევე ხელს შეუწყობს სტრატეგიულ შესყიდვებს ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მომწოდებლების რაოდენობის გაზრდის მიზნით და ციფრული საინფორმაციო სისტემების გაძლიერებას ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანი მართვისთვის. 

“ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად ეს პროგრამა საქართველოს ასევე დაეხმარება მოამზადოს ჯანდაცვის პროვაიდერები და მოსახლეობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენისთვის, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება,” განაცხადა ADB-ის ჯანდაცვის უფროსმა სპეციალისტმა ბრაიან ჩინმა. “მხარდაჭერილ ნაბიჯებს შორისაა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა და საინფორმაციო კამპანია კლიმატით გამოწვეულ ისეთ საშიშროებებზე, როგორიცაა, სითბური ტალღები.”

ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

 

ADB

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები