დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025-2028 წლებში 3 კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მლნ ლარამდე იქნება

2025-2028 წლებში 3 კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ამოქმედდება, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მლნ ლარამდე იქნება

27-11-2024 11:55:00

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს კერძო სექტორის განვითარება და სამეწარმეო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება წარმოადგენს. - ამის შესახებ “სამთავრობო პროგრამა 2025-2028“-ში წერია. ირკვევა, რომ ქვეყანაში აქტიური ბიზნესსუბიექტების უმრავლესობას მცირე და საშუალო ზომის საწარმოები წარმოადგენენ (99,7%).

„შესაბამისად, ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფის, დასაქმების ზრდისა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და მიზნობრივი პროგრამების საშუალებით მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

წარმოების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, შემდგომ წლებში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები:

 გაფართოვდება ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ტრადიციულ მხარდაჭერის მექანიზმებთან ერთად, კომპანიებს საშუალება ექნებათ, მოიზიდონ საინვესტიციო რესურსი ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით. ჯამურად, „აწარმოე საქართველოს“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი პროგრამებით ისარგებლებს 11 000-ამდე მეწარმე სუბიექტი, აქედან შეიქმნება 5 000- ამდე ახალი მეწარმე სუბიექტი. მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში შეიქმნება 70 000-ამდე ახალი სამუშაო ადგილი. მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება წლიდან წლამდე იქნება მზარდი და მომდევნო 4 წელიწადში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების ჯამური დაფინანსება 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს;

გაგრძელდება კერძო სექტორის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ მიმართული სტრუქტურული რეფორმები, მათ შორის, ხელი შეეწყობა მოძრავი ქონებით დაკრედიტებას;

 ქვეყანაში სრული მასშტაბით ამოქმედდება რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელი, რომელიც მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმაციით უზრუნველყოფას, მათთვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებასა და ტრენინგებისა და სემინარების შეთავაზებას, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას და დაეხმარება შემდგომ ზრდაში. დღეს საპილოტე რეჟიმში მოქმედი სამი რეგიონული საკონსულტაციო ცენტრის (სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, კახეთი) რაოდენობა გაიზრდება 11-ამდე და 2028 წლამდე პერიოდში რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით საკონსულტაციო სერვისების თანადაფინანსებას მიიღებს 4 000-ამდე, ხოლო ტრენინგებს გაივლის 12 000-ამდე მეწარმე;

 სრული მასშტაბით ამოქმედდება მიკროსესხების ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს მიკრობიზნესისთვის 50 000 ლარამდე სესხების უზრუნველყოფას, რათა მათ საკუთარი წარმოების გაფართოება/განვითარება შეძლონ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წლებში 6 000-ამდე მეწარმე ისარგებლებს;

 კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ დაიწყებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, მოიზიდონ საინვესტიციო რესურსი ალტერნატიული წყაროებიდან. კერძოდ, გაფართოვდება სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვების მხარდამჭერი პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2025 − 2028 წლებში მოხდება 100-ამდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი;

 სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით, ამოქმედდება 3 კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება; ფონდები განახორციელებენ ინვესტირებას მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში, რაც მათ დაეხმარება შემდგომ სწრაფ ზრდაში;

 შეიქმნება აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმა, რაც კომპანიებს საშუალება მისცემს, საკუთარი აქტივების გამოყენებით, მოიზიდონ დამატებითი ფინანსური რესურსი; ამ მიმართულებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 10 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსის მობილიზება მოხდება;

 პარალელურად, განახლებული ფორმით გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი ტრადიციული პროექტები. ჩაღრმავებული სექტორული ანალიზისა და ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრის საფუძველზე (პროდუქტიულობა, ზრდის პოტენციალი, ინოვაციები, დასაქმება, ექსპორტი ა. შ.), განხორციელდება სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ტრანსფორმაცია; მომდევნო 4 წლის განმავლობაში, აღნიშნული პროგრამით 3 000-ამდე კომპანია ისარგებლებს, რომლის ფარგლებშიც, ხელი შეეწყობა 6 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას;

 გაფართოვდება საკრედიტო საგარანტიო სქემაც, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას; მომდევნო 4 წლის განმავლობაში სქემით ისარგებლებს 2 000-ამდე კომპანია და მოხდება 2 მილიარდ ლარამდე ბიზნესსესხების უზრუნველყოფა; საექსპორტო მიმართულებას დაემატება ტრანსპორტირებისა და სავაჭრო ფინანსური პროდუქტების თანადაფინანსების კომპონენტი, რაც დამატებით გააძლიერებს ქართული კომპანიების საექსპორტო პოტენციალს;

 გაგრძელდება „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის“ რეგულარული კვლევებისა და შრომის ბაზრის ყოველწლიური ანალიზი, რომლის ფარგლებშიც, მოხდება სამუშაო ძალის მოთხოვნის, საჭირო უნარებისა და გამოწვევების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ანალიზი; კვლევის შედეგების ფართოდ გამოყენებისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის გაზრდის მიზნით, გაციფრულდება კვლევის შედეგები;

 ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, გაგრძელდება ანგარიშგების პორტალის (Reportal.ge) მართვა, რისკზე დაფუძნებული მიდგომით წარდგენილი ანგარიშგებების სტანდარტებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, რაც უზრუნველყოფს ანგარიშგებების ხარისხის ამაღლებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ზრდას. გარდა ამისა, რეფორმის შემდგომი ეტაპის ფარგლებში, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, საქართველოში მოქმედ რიგ საწარმოებს დაევალებათ ანგარიშგების პორტალზე (www.reportal.ge) კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების წარდგენა/გასაჯაროება, რაც ხელს შეუწყობს საწარმოებში მდგრადობის პოლიტიკის დანერგვასა და განვითარებას. ასევე, პორტალის შემდგომი განვითარების მიზნით, იგეგმება ციფრული ანგარიშგების სტანდარტის (XBRL) დანერგვა. ანგარიშგებების სრულად გაციფრულება ხელს შეუწყობს ანგარიშგების ხარისხის ზრდას და გაამარტივებს მის დამუშავებას დაინტერესებული პირების, მათ შორის, პოტენციური ინვესტორების მიერ. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ თანამშრომლობას სხვა უწყებებთან.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები