დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯეიმი ოლივერის სტუმრობა საქართველოში, არის გასტრონომიული მიმართულებით ქვეყნის აღიარება - შოთა ბურჯანაძე

ჯეიმი ოლივერის სტუმრობა საქართველოში, არის გასტრონომიული მიმართულებით ქვეყნის აღიარება - შოთა ბურჯანაძე

24-04-2024 19:00:00

ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეულის ჯეიმი ოლივერის ჩამოსვლა საქართველოში უმნიშვნელოვანესია. ეს არის ქვეყნის აღიარება არა მხოლოდ გასტრონომიული კუთხით, არამედ იმ მიმართულებითაც, რომ ასეთ ცნობილ ადამიანებს უსმენენ და მათი აზრი მსოფლიო დონეზეა გასათვალისწინებელია, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ Business Insider Georgia-სთან განაცხადა.

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯეიმი ოლივერი ქართველ შეფ-მზარეულებს შეხვდა. სტუმრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ის რაც საქართველოში მოხდა, ამ სფეროში შესაძლოა, პოლიტიკური თვალსაზრისით შევადაროთ აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჩამოსვლას.

„აქედან გამომდინარე ეს იქნება ბიძგი, არა მხოლოდ ამ სფეროსთვის, არამედ მთელი ეკონომიკისთვისა და ქვეყნის განვითარებისთვის. მისი ვიზიტი საქართველოში არ იქნება ერთჯერადი. ჯეიმი ოლივერის სამოქმედო გეგმაში ყოველთვის შედის ქვეყნის გაცნობა და შემდეგ მისი პრომოუშენი.

შესაბამისად, როგორც პირადი საუბრიდან და საერთო შეხვედრიდან გამომდინარე გამოჩნდა, ის აღფრთოვანებულია ქვეყნით და შესაძლოა, გარკვეულწილად საქართველოსთვის ამბასადორიც კი გახდეს მსოფლიოსთვის, როგორც ქვეყნის, ისე გასტრომიმართულების გაცნობის კუთხით. ეს არ გამომდინარეობს ვალდებულებით, დარწმუნებული ვარ, ეს მისი სურვილით მოხდება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი, საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება.

„რაც მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯი ეფექტური იქნება არა მხოლოდ ტურიზმის სექტორისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკასა და განვითარებაზე ექნება დადებითი გავლენა“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი უგემრიელეს ქართულ კერძებს გაუწევს პოპულარიზაციას . კულინარიული ტურის ფარგლებში, შეფ-მზარეული გაეცნობა ქვეყნის უნიკალურ კულტურას, სამზარეულოს, შეხვდება ადგილობრივ შეფ-მზარეულებს და მათგან ქართული კერძების მომზადებას ისწავლის.

ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, მისი სოციალური არხებით, საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს. ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზე ერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები