დღეს ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის დამოუკიდებელი ყოველგვარი უცხოური ჩარევებისგან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო. ამას არ ვამბობ შემთხვევით - ქართული სასამართლო. ქართული ინსტიტუცია, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან პატრიოტი საქართველოს მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მე, როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ ვინმეს ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. ეს არის დაუშვებელი. საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებში პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის მიხედვით და ზოგადად, მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. საერთოდ რაზე არის საუბარი. ზოგადად, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვიყოთ და ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ უცხოეთის მოქალაქეები, ჯერ ერთი მათი კეთილსინდისიერება ვინ შეამოწმა, თავმოყვარეობა არ გვაქვს ჩვენ, დამოუკიდებელ ერს, ამხელა ისტორიის ერს, რომ გარედან არ მოვიწვიოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ არ შეგვიმოწმონ ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება?! ყველა მოსამართლეს აქვს საკმარისი გამოცდილება, 20-30 წლიანი, ისინი არ მოსულან გუშინ და გუშინწინ. მე შევახსენებ ამ კრიტიკოსებს, რომ 2012 წელს რომ მოვედით ხელისუფლებაში, მათი პირდაპირი ინსტრუქცია და რეკომენდაცია იყო, რომ არ შეეხოთ სასამართლოს. მაშინ მოსამართლეებმა თავად აირჩიეს ეს ადამიანები. ჩვენ აბსოლუტურად არ ჩავრეულვართ სასამართლო სისტემაში. დღემდე 300-მდე მოსამართლე თავად წყვეტს საკუთარი სისტემის ბედს, თავად მართავენ სისტემას და ჩვენ არავითარი ჩარევა არ გვაქვს. კეთილი ინებონ და პატივი სცენ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობას. ეს არის დიდი აბსურდი. ამაზე რომ გვიწევს საუბარი ეს არის ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, შეურაცხმყოფელი. რომ ჩვენი ქართული სასამართლოს და მოსამართლეების კეთილსინდისიერება უნდა შეგვიმოწმონ უცხოეთის მოქალაქეებმა და გახსოვთ რამდენი მაგალითი არსებობს, იგივე გააკეთეს უკრაინაში, თუ არ ვცდები და სხვაგანაც და ჩართული იყო ვინ, ადეიშვილი და კიდევ ვიღაცები. როგორ შეიძლება, რომ ადეიშვილის ნაირმა ბოროტი სისტემის არქიტექტორებმა, მთავარი სისტემის შემქმნელი ის იყო, რა თქმა უნდა, სააკაშვილთან ერთად, შეამოწმოს დღეს ჩვენი მოსამართლეების კეთილსინდისიერება. ეს არის დაუშვებელი და მიუღებელი აბსოლუტურად“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უახლესი
7 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა