დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმისათვის, რომ საქართველო უფრო კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი -  გია წიფურია

იმისათვის, რომ საქართველო უფრო კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი - გია წიფურია

07-04-2025 15:25:00

იმისათვის, რომ საქართველო უფრო კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდეს საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი გია წიფურია აკეთებს. მისი თქმით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა გაზრდის კონკურენციას და იმავდროულად დაიწევს პორტში მომსახურების ტარიფებიც. მისი გათვლებით, საზღვაო ფრახტი მინიმუმ 25%-ით შემცირდება.

„​უპირველეს ყოვლისა უნდა განვიხილოთ თუ რა გაგვაჩნია. დღეისთვის ჩვენი მთავარი პორტი არის ფოთის პორტი, რომელიც მცირე ზომის გემებზეა გათვლილი. მაგალითისათვის, საკონტეინერო გემები, რაც ისტორიულად ყველაზე დიდი შემოსულა, ეს იყო თუ არ ვცდები 2016 წელს, რომელიც 2500 კონტეინერს იტევდა. ეს არის მეტად მცირე. მერწმუნეთ, რომ როტერდამში 5000-იანზე ნაკლებს ვერ ნახავთ. ანუ კარგ პორტებში, მაღალი ტვირთამწეობის პორტებში ამ ზომის კონტეინერმზიდი გემები, რომლებიც 1000 და 1500 კონტეინერზეა გათვლილი პრაქტიკულად არ მოიხმარება. როდესაც პორტში მაღალი სიმძლავრის გემი შემოდის, ამ შემთხვევაში კონტეინერის თვითღირებულება მცირდება და თუ როგორც გეგმებია, რომ 9000-მდე ტვირთამწეობის გემები იმოძრავებს, ეს მინიმუმ 25%-ით შეამცირებს საზღვაო ფრახტს. რაც კონკურენტუნარიანობისთვის უპირველესი მაჩვენებელია. დღეისათვის თუ ტერმინალ ჰენდლი ჩარჯი, სადღაც 500 დოლარზე მეტი, ამან უნდა დაიწიოს, თუ კი გვინდა, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ. კონკურენტუნარიანობა მიიღწევა კიდევ შიდა კონკურენციით, დღეისათვის ბათუმის 20%-ი და ფოთის 80%-ი კონტეინერ ბრუნვა არ შეიძლება განხილულ იყოს კონკურენციად. ეს პროგრესს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი დაიწევს ტერმინალის, ანუ მომსახურების ხარჯი და დაიწევს თვითონ ფრახტის ღირებულება.

აქ თუ დაბალი იქნება ტარიფი ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სრულ გამჭოლ ტარიფზე და იქნება უფრო კონკურენტუნარიანი. დღეისათვის შუა დერეფანი დამოკიდებულია პოლიტიკურ სიტუაციაზე და მას ხელს უწყობს ის პოლიტიკური დაძაბულობა, რაც ერთის მხრივ უკრაინა-რუსეთს შორისაა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ტერიტორიაზე შეზღუდულია საერთაშორისო ტვირთბრუნვა, რუსეთს აქვს სანქციები. ეს ყველაფერი განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობა. სწორედ იმისთვის, რომ კონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალა გავხადოთ, მშვიდობის პერიოდშიც კი, საჭიროა ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც რეგიონს გამოადგება, როგორც მთავარი მომმარაგებელი. შავ ზღვაში არც ერთი პორტი არ არის კომფორტული. განვიხილოთ საბორნე მიმოსვლა. ერთადერთი ჩერნომოსრსკში იყო ნორმალურთან მიახლოებული ინფრასტრუქტურა. დანარჩენი არსად, არც რუმინულ პორტებში, არც ბულგარულ პორტებში, არც ქართულში არ არის სათანადო ინფრასტრუქტურა. შესაბამისად საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურა საბორნე მიმოსვლისთვის კარგი და მოქნილი იყოს, ასევე სახაზო გემებისთვის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს მაქსიმალურად გამართული. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ისეთი პორტებით, რომლებიც არის ღრმაწყლოვანი და რომელსაც აქვს საშუალება, რომ თავიდანვე ჰქონდეს ინფრასტრუქტურა მიზნობრივად და იყოს გათვლილი იმ მასშტაბებზე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში გვაქვს“, - აცხადებს გია წიფურია.

საგულისხმოა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები  აქტიურ ფაზაშია. მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის ასე გამოიყურება: 

·         ჩატარდა ზღვის ფსკერის ბათიმეტრია და  მონაცემები დამუშავდა კონტრაქტორი კომპანიის მიერ დაქირავებულ ქვეკონტრაქტორთან, საერთაშორისო ავტორიტეტულ საპროექტო/საინჟინრო კომპანია ,,Royal HaskoningDHV” ერთად, რომელიც თავის მხრივ პასუხისმგებელია ზღვის ფსკერის დაღრმავების და მშენებლობის პროექტირებაზე;

·         ხორციელდება ზღვის ფსკერის გეოლოგიური შესწავლა;

·         დანიის სამეფოს დედაქალაქში - ქალაქ კოპენჰაგენში არსებულ DHI-ს ლაბორატორიაში მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება ანაკლიაში ასაშენებელი ტალღმტეხელის ჰიდრო-დინამიკური ზეგავლენის კვლევა-შეფასება;

·         სამშენებლო ტერიტორიაზე ზღვაში ჩასაწყობის ქვის ლოდების შეტანის მიზნით, განხორციელდა  შესაბამისი აქტივობები -  სამშენებლო მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სასწორები, რომლის მიხედვითაც სასწორების ოპერატორების დახმარებით ხდება ქვის ლოდების აწონვა, შესაბამისი აღრიცხვა და დასაწყობება;

·         მოეწყო და მაისის თვეში ექსპლუატაციაში შევა ბეტონის სხვადასხვა კუბატურის ე.წ.  ,,იქს ბლოკების” (Xblocs) წარმოების პოლიგონი და შესაბამისად ტალხმტეხელისთვის საჭირო ,,იქს ბლოკების”   წარმოება განხორციელდება ადგილზე/სამშენებლო მოედანზე;

·         განხორციელდა სამშენებლო-ბანაკის მოწყობის სამუშაოები - გარე განათების ბოძების და კამერების მონტაჟი იმისთვის, რომ უწყვეტ რეჟიმში დღეც და ღამეც შესაძლებელი იყოს მუშაობა;

·         მოეწყო დროებითი შესაბამისი აღჭურვილობის მქონე სამუშაო სივრცეები (მ/შ საოფისე ფართები), როგორც მშენებელი კომპანიისთვის და ზედამხედველი ინჟინრებისთვის, ასევე ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლებისთვის;

·         შემოიღობა და დაცვის მიერ კონტროლდება სამშენებლო ტერიტორია; 

·         სამშენებლო ტერიტორიაზე მოსწორდა გრუნტის ზედაპირი და მოეწყო სამიმოსვლო გზა;

·         სამშენებლო ტერიტორიამდე მისასვლელ ქუჩაზე დაიგო ასფალტი (დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრზე);

·         შეყვანილ იქნა კომუნიკაციები (წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და სხვა).

მიმდინარეობს ზღვაში ჩასაწყობი ქვის ლოდების/ინერტული მასალის ტრანსპორტირება სხვადასხვა მეზობელი რეგიონებიდან (იმერეთი, აჭარა, გურია) და ანაკლიის საზღვაო ნავასადგურის ტერიტორიაზე დასაწყობება, ამ ეტაპისთვის დღეში დაახლოებით 100-120 სატვირთო მანქანა შემოდის ტერიტორიაზე, ამინდის გაუმჯობესების პარალელურად იგეგმება ქვის ლოდების მიღების მიზნით სამუშაო საათების გაზრდა რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს ქვის ლოდების მომარაგება და შესაბამისად მშენებლობის ტემპები.

ცნობილია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის  ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, ნავსადგურის მიმდებარედ იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა და თავისუფალი სამრეწველო საწარმოო ლოგისტიკური ზონის განვითარება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები