„ფაქტობრივად, იანვარში მესტიაში ტურისტული სეზონი არ ყოფილა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ლაჰილის“ მფლობელმა ლევან დადვანმა განუცხადა.
„დაახლოებით 20 დღეა სასტუმრო ნომრები ცარიელია „ლაჰილში“ და მესტიის თითქმის ყველა სასტუმროში. საბაგიროთი რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ერთმა ადამიანმა ისარგებლა“,- ამბობს სასტუმროს მფლობელი.
მისი თქმით, მესტიაში ტურისტების სიმცირე გარე და შიდა ფაქტორებსაც უკავშირდება.
„მესტიაში ტურისტების სიმცირეზე გავლენა აქვს გლობალურ კონფლიქტებს. ისრაელი-პალესტინისა და უკრაინა-რუსეთის ომს. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, არ იყო საკმარისი პიარი, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესტიაში არ არის გზა, ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია. თუმცა ნამდვილად არ არის ის ვითარება, რომ ტურისტი ვერ მივიღოთ. თოვლიც არის და ინფრასტრუქტურისა და ელექტროენერგიის პრობლემები სასტუმროებმა ინდივიდუალურად დაძლიეს“, - ამბობს ლევან დადვანი.
მისი თქმით „ლაჰილს“ სტუმრის მიღების პრობლემა არ აქვს. ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში ერთ წუთში გენერატორის კვებაზე გადადის.
სასტუმრო „ლაჰილი“ ოთხი წელია ბაზარზე ოპერირებს. სასტუმროს 25 ნომერი აქვს. ორადგილიანი ოთახის ფასი საუზმით 190 ლარია.
უახლესი