დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
HSC Group Hospitality

HSC Group Hospitality

06-12-2023 15:02:00

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ დიდი პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, კურორტი შესაძლოა ექსტრემალური სრიალის მოყვარულთათვის შეუცვლელი მიმართულებაც კი გახდეს.

„სათხილამურო კურორტი გოდერძი ჩემი შეფასებით უფრო ექსტრემალური მოთხილამურეებისთვის განკუთვნილი კურორტია. ის ხალხი ვინც ჩამოდის გუდაურსა და ბაკურიანში არიან მცირე რაოდენობით, ვინც ეძებენ უფრო ექსტრემალურ ფერდობებს. მათთვის გოდერძის კურორტი იქნება ძალიან კარგი და საინტერესო მიმართულება. უბრალოდ ამ ყველაფერს უნდა სწორი შეფუთვა და ინფორმაციის სწორად მიწოდება თუ რატომ უნდა ჩავიდნენ გოდერძის კურორტზე. ის რომ არ იყო გამართული გზა, ეს იყო ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი და ასევე ამას ემატება ისიც, რომ აღმოსავლეთიდან საკმაოდ რთულია კურორტზე მოხვედრა და იქ ასასვლელად შეიძლება 1 დღეც კი დახარჯო. გზის პირობებში ქართველებისთვის კურორტმა გოდერძიმ კი შესაძლოა 1-2 წელში ბაკურიანი და გუდაური ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ ამ კურორტს აქვს დიდი პოტენციალი.  გუდაურსა და ბაკურიანში ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად შაბათ-კვირას ადის და 2 დღიან Weekend-ს იწყობენ, ვისაც სრიალი უყვარს. თუმცა ვისაც ხანგრძლივი დასვენება უნდა მათ შესაძლოა უპირატესობა უკვე გოდერძის მიანიჭონ. გააჩნია რამდენად მალე იქნება იქ მოხვედრა შესაძლებელი და რა სახის სასტუმროები გაიხსნება“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის აზრით, კურორტ გოდერძიზე ამ დროისათვის ქაოტური განაშენიანება არ არის და სწორედ ახლა არის შანსი, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში მოხდეს და თუ საჭიროა მთავრობამ გარკვეული რეგულაციებიც კი აამოქმედოს. 

„კურორტ გოდერძის“ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სახელმწიფოსაც შეუძლია გარკვეული რეგულაციები შემოიღოს კონკრეტულ მშენებლობასა და ექსტერიერთან და ფასადებთან მიმართებაში, რადგანაც კურორტზე დიდი საინვესტიციო პროექტები დაწყებული არ არის და შესაძლებლობაა, რომ განისაზღვროს და გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდეს ობიექტის მშენებლობა. კერძო ინვესტორებთან მოხდეს ინტენსიური მუშაობა და ერთობლივად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, რათა კურორტი გოდერძი ჩამოყალიბდეს ლამაზ სამთო კურორტად. სწორედ ახლა არის ამის საშუალება, რომ ვიდრე კურორტი ცარიელია. თუ ახლა მოხდება სწორი გადანაწილება სამომავლოდ ეს კურორტს კარგ შედეგებს მოუტანს. ქაოტური განაშენიანება კურორტისთვის კარგი არ არის. 

მეორე ფაქტორია ისიც, რომ სასტუმრო ინფრასტრუქტურის შექმნა დროშიც არ უნდა გაიწელოს. რადგანაც სწორედ ინფრასტრუქტურა ქმნის მიზიდულობის ცენტრს, რომ ადამიანი ჩავიდეს და დაისვენოს. შეიძლება გზა ვერ დავამოკლოთ და აეროპორტი ვერ ავაშენოთ, რომ ტურისტები იქ მარტივად მოხვდნენ, მაგრამ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ რაღაცის გამო მოუნდეს ადამიანს იქ ასვლა. ეს კი უნდა იყოს მეტი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, ასევე ადგილობრივი სასტუმრო ბრენდებიც და ამავე დროს შეიქმნას სხვადასხვა გასართობი საშუალებები, რათა იქ ჩასულმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს. კარგი იქნება თუ კურორტებზე შემოვა კულტურა და ბავშვებისთვის ძიძის სერვისი ამოქმედდება, რაც იქნება სასტუმროს მომსახურება და სადაც ჩააბარებენ ბავშვებს დღის განმავლობაში და ბავშვები დაკავდებიან სხვადასხვა აქტივობებით, ხოლო თავად მშობლები დაისვენებენ, ისრიალებენ, თუ დაგეგმავენ სხვადასხვა ექსკურსიების“, - აღნიშნა ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა.

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი.

კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო  - (ბორანო და მოძრავი ხალიჩა). ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები.

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის ისე რთული ტრასები. ხოლო დამწყებებს შეუძლიათ ისწავლონ სრიალი მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე (ბორანო).

კურორტი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს.


 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები