მიმდინარე წელი მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია ,,ჰერბიას“ საქმიანობაში საუკეთესოა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ წარმოებაში 100%-იანი ზრდაა. რაც შეეხება რეალიზაციის საკითხს, ჯანელიძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე კომპანია მთლიანად ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული.
კომპანიის ხელმძღვანელი წარმოების პრობლემაზეც საუბრობს და დასძენს, რომ ქვეყნის მასშტაბით ბოსტნეულის სეგმენტში გარკვეული პრობლემაა ნედლეულის დეფიციტის გამო და მნიშვნელოვანია, ამ დანაკარგის შევსება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე ექსპორტზეც.
,,წელს მთავარი ორიენტირი ადგილობრივი ბაზარია, რა მოთხოვნაც აქვს ქართულ ბაზარს, ვაკმაყოფილებთ. თუმცა ქვეყანაში ბოსტნეულის წარმოებაში ნამდვილად არის პრობლემა ნედლეულის სიმცირის გამო. რატომღაც ადგილობრივი წარმოება ვერ განვითარდა და საექსპორტო ბაზრებზეც წვდომა ჭირს. მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ადგილობრივი მომხმარებლის საჭიროებებს და ამიტომ გადაწყდა, რომ წელს ძირითადად ქართულ ბაზარზე ვიყოთ ორიენტირებული. ბოლო ოთხი წელია წარმოებაში 40%-იანი ზრდა გვაქვს. სულ ახლახან ჩავატარეთ ანალიზი და წელს უკვე 100%-იანი ზრდა ფიქსირდება“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.
მისი ინფორმაციით, ,,ჰერბია“ აქტიურად მონაწილეობს გლობალურ ბაზრებზე, რაც ცნობადობის ამაღლებისა და ექსპორტზე დაწინაურების კუთხით მნიშვნელოვანია.
,,სახელმწიფოს მხრიდან დარგს დიდი ხელშეწყობა აქვს და მაქსიმალურად გვეხმარებიან, რომ საერთაშორისო გამოფენებზე წარვდგეთ. ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად და პარტნიორების მოსაზიდად ეს უნიკალური საშუალებაა. როდესაც ექსპორტს ვახორციელებდით, გამოფენებში მონაწილეობა ძალიან გვეხმარებოდა. სამომავლოდ ამ ნიშასაც დავიბრუნებთ, როცა რეზერვების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდება, ექსპორტსაც განვაახლებთ, რადგან ევროპის ბაზრებიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამჟამად ჩვენთვის პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობაა და მერე უკვე გარე ბაზრებზე გასვლა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ჰერბია" ქვეყანაში მწვანილისა და ბოსტნეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. 200-მდე ადამიანია დასაქმებული.
უახლესი