დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გოზინაყი, როგორც ჩურჩხელა, ყველა სეზონის ნუგბარად ვერ ვაქციეთ - ,,ქართული გოზინაყი"

გოზინაყი, როგორც ჩურჩხელა, ყველა სეზონის ნუგბარად ვერ ვაქციეთ - ,,ქართული გოზინაყი"

02-12-2023 20:49:02

უგემრიელესი და სასარგებლო ნუგბარი გოზინაყი საახალწლო სუფრის წამყვანი ატრიბუტია. სამეწარმეო ბიზნესის დონეზე ამ საქმით 14 წლის წინ მეწარმე ანა ბარამიძე დაინტერესდა და ,,ქართული გოზინაყის" ბრენდით პირველი პროდუქტიც გამოუშვა ბაზარზე. ქართველი კულინარის მიზანი იყო, გოზინაყი ყველა სეზონის ნუგბარად ექცია, მაგრამ მიდგომამ ვერ გაამართლა. როგორც ანა ბარამიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, გარდა მენტალიტეტისა, ამ მიზნის განხორციელებას სხვადასხვა ფაქტორმა შეუშალა ხელი, მათ შორის, რითეილ ბაზარზე წვდომის შეზღუდვამ, რის გამოც წარმოების მასშტაბის გაფართოება გაჭირდა.
,,ქართული გოზინაყი" გამოირჩევა იმით, რომ ტრადიციულია, შექმნილია  ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული სიმდიდრის ხაზგასასმელად და ძალიან პოპულარულია ტურისტულ რეგიონებში. ტურისტებისთვისაც ყოველთვის არის ნუგბარი, რომელიც სამშობლოში დაბრუნების წინ აუცილებლად უნდა შეიძინონ და ქართული გემოების სიტკბო გაუზიარონ უკვე საკუთარ თანამემამულეებს.
ამ მიზნით იქმნებოდა ,,ქართული გოზინაყი", როგორც ანა ბარამიძე ამბობს, ერთგული მომხმარებლების საგრძნობლად დიდი წრეც შეკრა, თუმცა სამომხმარებლო ბაზარზე ფართოდ ვერ დაიმკვიდრა ადგილი.
,,მეთოთხმეტე წელია, რაც გოზინაყს  ვაწარმოებთ. წარმოების გაფართოება დამოკიდებულია მოთხოვნაზე, რაც უკვე დაბრკოლებაა ჩვენს შემთხვევაში. გოზინაყი მხოლოდ სეზონზე იყიდება. როდესაც წარმოებას ვიწყებდი, ვცდილობდი, არასეზონური ნუგბარი გამეხადა, როგორც ჩურჩხელაა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ბრენდული, ტურისტული პროდუქტი შევქმენით შესაბამისი შეფუთვებით.  შეიძლებოდა მთელი წელი ემუშავა, მაგრამ ადგილობრივი ბაზრისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო. სამიოდე სუპერმარკეტში ვართ წარმოდგენილი, დიდმა ნაწილმა არ მიგვიღო, რადგან უკვე თვითონ აწარმოებენ პროდუქციას, კონკურენტული ინტერესები გამოიკვეთა და ამიტომ ,,ქართული გოზინაყისთვის ადგილი ვერ მოიძებნა", - ამბობს ანა ბარამიძე.
საახალწლო ნუგბარი  100%-ით ნატურალური და ჯანსაღია. მზადდება ტრადიციულად თაფლის, ნიგვზის და თხილისგან, დაინტერესების შემთხვევაში, ნუშითაც. მაღალი თვითღირებულება პროდუქტის ფასზეც აისახება, თუმცა ხარისხით გამორჩეული და უნაკლოა, რის გამოც საახალწლო პერიოდში მაღალი მოთხოვნით სარგებლობს.
რაც შეეხება ფასს, 200 გრამიანი შეფუთვით ,,ქართული გოზინაყი" 19 ლარად იყიდება, 400 გრამიანი შეფუთვის ღირებულება 27 ლარია.
კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში  სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს.
როგორც ქართული ნუგბარის მწარმოებელი აღნიშნავს, პროდუქტი სრულფასოვნად 2009 წელს დამზადდა და შემოწმების ყველა წესის გავლის შემდეგ, ჰიპერმარკეტ „გუდვილის" დახლებზე გამოჩნდა, სადაც დღემდე საახალწლო ტკბილეულის თაროზე მყარ ადგილს ინარჩუნებს.
გარდა ამისა, ,,ქართული გოზინაყის" შეძენა შესაძლებელია ონლაინ შეკვეთით, რაც მიმდინარე პერიოდშიც არ ცვლის ტრენდს და ერთგული მომხმარებლების მხრიდან  წელსაც ტრადიციულად მაღალი მოთხოვნაა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები