ღვინის ჩაის პირველი მწარმოებელი კომპანია ,,სტუმარის“ უნიკალური პროდუქტი მალე ქსელურ მარკეტებში შევა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბუკია Business Insider Georgia - თან ამბობს, წარმოება 5-ჯერ გაზარდეს, რის შესაძლებლობაც კომპანიამ ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს გრანტით მოახერხა და ტექნოლოგიური ხაზი განავითარა.
გიორგი ბუკიას ინფორმაციით, ტექნოლოგიური გადაიარაღების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება და ამ დროისთვის წარმოების 10-ჯერადი ზრდის გეგმა შესრულდება.
„ბაზარზე დაახლოების 6 წლის წინ შემოვედით, თუმცა წარმოების მკვეთრი ზრდა მოვახერხეთ მას შემდეგ, რაც GITA-ს საგრანტო პროექტში მივიღეთ მონაწილეობა. ინვესტიციამ ჯამში 1,3 მილიონი ლარი შეადგინა, აქედან 650 ათასი გრანტია, ამდენივე - ჩვენი თანამონაწილეობა. ამ ფინანსური რესურსით ახალი დანადგარები შევისყიდეთ. ტექნოლოგიური ხაზი ავაწყვეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, ასორტიმენტის განვითარებაზე ვიზრუნოთ. ღვინის ჩაის გარდა, ღვინის ჩაის ბაზაზე დამზადებული სხვადასხვა არაალკოჰოლურ გამაჯანსაღებელ სასმელებს ვაწარმოებთ.
საქართველოს მოსახლეობას შევთავაზებთ ერთჯერად პაკეტებში დამზადებულ ღვინის ჩაის, ჩვენი პროდუქტი დაახლოებით 10-მდე სუპერმარკეტის ქსელში მოხვდება. წარმოება გავზარდეთ დაახლოებით 5-ჯერ, კიდევ მიმდინარეობს პროცესი და საწყის ეტაპთან შედარებით, 10-ჯერადი ზრდა გვექნება. ამ ეტაპზე ტექნოლოგიური ხაზის ბოლო კონტურების გამართვა ხდება და ძალიან მალე მომხმარებლები ჩვენი წარმოების ადგილზე დათვალიერებას შეძლებენ“, - აცხადებს გიორგი ბუკია.
მისი ინფორმაციით, შიდა ბაზართან ერთად, პრიორიტეტია ექსპორტიც, ზუსტად ორ კვირაში ,,სტუმარი“ ღვინის ჩაის იაპონიის ბაზარზე გაიტანს.
კომპანია ღვინის ჩაის 2017 წლიდან მცირე რაოდენობით აწარმოებდა, თუმცა, მხოლოდ ტურისტულ ობიექტებში სასაჩუქრე ნაკრებს ყიდდა. პაკეტიანი შეფუთვით ღვინის ჩაის (საფერავის არომატით) ფასი დაახლოებით 20-25 ლარის ფარგლებში იქნება. ღვინის ჩაი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება - ეს არის ღვინო, ყურძნის კანი და წიპწა, რომელიც მაღალტექნოლოგიური წესით ერევა ერთმანეთს;
პროდუქტი უალკოჰოლო და ნატურალურია. შეგახსენებთ, რომ ღვინის ჩაი უნიკალური პროდუქტია, რომელიც სიახლეა არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, მსოფლიოში მისი ანალოგი არ არსებობს.
კომპანიაში ამ ეტაპზე 7 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად ეს მაჩვენებელი 15-მდეა.
უახლესი
17 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება