დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ღვარცოფსაშიშ ზონებში სასტუმროების და კოტეჯების მშენებლობა დაუშვებელი იყო - გეოლოგი

ღვარცოფსაშიშ ზონებში სასტუმროების და კოტეჯების მშენებლობა დაუშვებელი იყო - გეოლოგი

05-08-2023 03:15:34

შოვში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოებას გაუჩინა კითხვა, რამდენად დასაშვები იყო ღვარცოფსაშიშ ზონაში სასტუმროების და კოტეჯების მშენებლობა. გეოლოგი ტარიელ ტუსკია Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ არ შეიძლებოდა.
მეტიც, გეოლოგი საეჭვოდ მიიჩნევს, რომ შესაძლოა ობიექტების ნაწილი გეოლოგიური დასკვნის გარეშე შენდებოდეს, ვინაიდან ყველა ასეთ შემთხვევაში, თუკი რეალური დასკვნა დაიდება, შეუძლებელია ინფრასტრუქტურის განთავსებაზე  სპეციალისტმა თანხმობა გასცეს.
,,კითხვას, რამდენად დასაშვები იყო ღვარცოფული მდინარის ნაპირზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პასუხი სტიქიამ გასცა.   ცხადია, არ არის დასაშვები, ბიზნესი თვითონაც დაზარალდა და ვერც მსხვერპლიც ავიცილეთ, დიდი ტრაგედია მოხდა. გლობალური დათბობის ფონზე ბუნება აგრესიული გახდა და ადამიანებს ბევრი დაკვირვება მართებთ.  თავიდან უნდა შესწავლილიყო ტერიტორია გეოლოგიურად და დადებულიყო რეალური კვლევა. საქართველოს  მთიან რეგიონებში ბევრი ღვარცოფული მდინარეა. წესით და რიგით, მშენებლობა იქ არ უნდა დაეშვათ", - აცხადებს გეოლოგი  და დასძენს, რომ მომხდარის გათვალისწინებით, აუცილებელია ყველა მსგავს ობიექტზე, მეწყერსაშიშ ზონებში მოხდეს ტერიტორიის ხელახალი შესწავლა, ხოლო სამომავლოდ მშენებლობის ნებართვის საკითხი გამკაცრდეს.
,,შემოწმება უნდა ჩატარდეს, სადაც ღვარცოფის საფრთხეა, საცხოვრებელი სახლის, კოტეჯის და სასტუმროს დადგმა  წინასწარვე კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. ამისთვის გეოლოგიური კვლევა არსებობს. უნდა დაზუსტდეს, რამდენად უსაფრთხოა ადგილი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ვნახეთ, რომ შოვში მრავალი კოტეჯი განადგურდა და ადამიანები დაიღუპნენ. დროულად რომ მიგვეღო ზომები,  ამ ტრაგედიის აცილება შეიძლებოდა", -  აცხადებს ტარიელ ტუსკია Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ შოვში ტრაგედია მოხდა.  მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 7 პირის ცხედარია ნაპოვნი. 200-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს და სხვადასხვა უსაფრთხო ტერიტორიაზე მოათავსეს.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები