დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
GEMUANI-მ Amazon-ზე მაღაზია გახსნა

GEMUANI-მ Amazon-ზე მაღაზია გახსნა

16-07-2023 02:20:36

 

ზუგდიდში მდებარე სუბლიმირებული ხილის მწარმოებელი კომპანია GEMUANI გაფართოებას გეგმავს.

GEMUANI, როგორც ხარისხზე ორიენტირებული, ვიტამინებით სავსე და მაღალი კლასის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და გადამუშავებაში ინოვატორად არის აღიარებული.

GEMUANI ასევე არის პირველი ქართული სოფლის მეურნეობის დარგის კომპანია, რომელმაც Amazon-ზე საკუთარი მაღაზია გახსნა.

„ჩვენმა კომპანიამ საკუთარი მაღაზია გახსნა ისეთ რთულ და კონკურენტულ ბაზარზე, როგორიცაა აშშ. Amazon-ზე უკვე გვაქვს ჩვენი საკუთარი მაღაზია. საქართველოს ისტორიაში პირველად - მანდარინი, კივი და ფეიხოა მოხვდნენ აშშ-ს ბაზარზე . ჩვენი ტექნოლოგია ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია ქართული ენდოგენური ხილის ბაზრის არეალის გაზრდა და  შენარჩუნება, რადგან მზა პროდუქტის შენახვის ვადა 5 წელია და არ სჭირდება შესანახად სამაცივრეები“, - აცხადებს კომპანია GEMUANI-ს წარმომადგენელი გელა ჯალიაშვილი .

მისივე თქმით, Amazon-ზე მაღაზიის გახსნა პროცედურულად ძალიან რთული იყო.

„ამისათვის აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მივიღეთ დასტური, რომ შეგვეძლო პროდუქციის გაყიდვა ამ ქვეყნის ბაზარზე. ამისათვის მთელი რიგითი პროცედურები გავიარეთ: რეგისტრაცია, სერტიფიცირება, შემოწმება, ლოგისტკის სისტემა (რომელიც ჩვენ ქართულმა კომპანია Boxette Georgia-მ დაგვილაგა ),  მათ შორის საკუთარი სტოკის შექმნა  აშშ-ში და ასე შემდეგ.

რეალურად, 1 თვეა,  რაც Amazon-ზე საკუთარი მაღაზიიდან დავიწყეთ გაყიდვები და რეალიზაცია ყოველკვირეულად მზარდია“, - აცხადებს „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან“ კომპანია GEMUANI-ს  წარმომადგენელი გელა  ჯალიაშვილი.

მისივე განმარტებით, დღეისათვის GEMUANI სუბლიმირებულ ხილს აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე ყიდის, თუმცა კომპანიის სამიზნე დამატებით, ახალი საინტერესო ბაზრებია.

„ჯერჯერობით პროდუქციას აშშ-ში ვყიდით და ვაპირებთ, ახლო მომავალში რეალიზაცია დავიწყოთ იაპონიაშიც. შემდეგი ეტაპია საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ასე შემდეგ. ევროპის ბაზარზე უკვე ისედაც ვართ. ასევე გვსურს ჩვენი პროდუქცია გავყიდოთ ინგლისშიც“, - აცხადებს გელა ჯალიაშვილი.

GEMUANI-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ სხვადასხვა ბაზრებზე მოთხოვნადია სუბლიმირებული ხილის განსხვავებული ასორტიმენტი, თუმცა მაინც ყველაზე მოთხოვნადად კივი, ფეიხოა და მანდარინი ითვლება. კომპანია წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 20%-ს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, ხოლო 80%-ი  ექსპორტზე გააქვს.

„GEMUANI-ი აწარმოებს სუბლიმირებულ პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გააქვს. ჩვენ ვართ ისეთი კომპანიების მიმწოდებელი, როგორიცაა მაგალითად Nestlé, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის საბავშვო კვება. ჩვენ ვაწარმოებთ უნიკალურ პროდუქციას, რომლის ანალოგი არ აქვს. საწარმო დღეს 90%-ითაა დატვირთული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და USAID  მაქსიმალურად გვეხმარება, რომ ვიყოთ დატვირთულები, გავაუმჯობესოთ ასორტიმენტი და ხარისხი, შევიდეთ ახალ ბაზრებზე და ასე შემდეგ. აქტიურად გვაძლევენ საშუალებას, რომ ვიყოთ წარმოდგენილები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე.

იმავდროულად ვაპირებთ წარმოების გაფართოებას, რათა წარმადობა გავზარდოთ. კომპანიას საწარმოს გაფართოებისთვის 5 მლნ ევრო ესაჭიროება. ნაწილი დაფინანსების მოსაპოვებლად კომპანიამ „აწარმოე საქართველოში“ , USAID  უკვე მიმართა და ვართ პროცესში. ვქმნით ჩვენს ინდუსტრიულ კლასტერს, სადაც წარმოებების სხვა და სხვა მიმართულების ობიექტები მთლიანად გადაამუშავებენ იმ პროდუქციას რასაც ვიღებთ.

მაგალითად, დღეს თუ გვრჩება ნარჩენები, წარმოების შექმნის შემდეგ ამ ნარჩენებიდან სხვადასხვა ნატურალური პიგმენტების მიღება იქნება შესაძლებელი, რათა მთლიანი ციკლი შეგვექმნას. ზოგადად ჩვენი მიმართულებაა - არა მარტო ეკონომიკური ეფექტურობა, ასევე - ბუნებაზე მავნე ზეგავლენის შემცირება , CO გამოყოფის შემცირება( დაგეგმილია მზის პანელების დადგმა ) , ნარჩენების შემცირება და მაქსიმალურად პროდუქციის ეფექტური გადამუშავება , ქიმიის შემცირება , BIO პროდუქციის როგორც გამოყენება ისე წარმოება .

გარდა ამისა - სოციალური პასუხისმგებლობა რომელიც მოიცავს - პატარა წარმოებებთან კოოპერაციას, კურირებას და საერთო პროექტების განხორციელებას, ჩვენ საწარმოსთან არის სკოლა და დაიგეგმა საერთო პროგრამები და ალბათ გამორჩეული ბავშვების დახმარება შემდგომ განათლებაში, ანუ კადრების მომზადება .

ასევე, „აწარმოე საქართველო“ გვეხმარება იმ კუთხით რომ გავხსნათ სამაცივრეები, რათა შევინახოთ პროდუქცია და ჩვენს საწარმოო ჯაჭვს წყვეტა არ ჰქონდეს“, - აცხადებს  გელა  ჯალიაშვილი.

დღემდე GEMUANI-ს მიერ საწარმოსა და მის კუთვნილ ბაღებში 7 მლნ დოლარის ინვესტიციაა ჩადებულია, საუბარია რეინვესტირებაზეც.

რაც შეეხება კომპანიის კუთვნილს პლანტაციებს, ის დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის ქედასა და შავ ზღვას შორის მდებარეობს.

კომპანია GEMUANI  დაარსდა 2011 წელს და მის მფლობელობაშია 15 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მდებარეობს ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, ასევე გაშენებულია კივის პლანტაცია 11 ჰა-ზე.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, კომპანიამ GLOBAL G.A.P სერტიფიკატი მოიპოვა. 2017 წელს კომპანიამ მოიპოვა ISO 22000 სტანდარტის სერტიფიცირება, რასაც მოჰყვა IFS სერტიფიკატის მიღება 2019 წელს. 2020 წელს კომპანია დასახელდა Nestle-ს ერთ-ერთი ქარხნის „ოქროს მიმწოდებლად“.

„რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ქ-ნ ნონა თორდიას უაღრესად დიდი შრომის საფუძველზე შექმნილ პლატფორმაზე. მე ქედს ვიხრი ამ უნიკალური პიროვნების წინაშე“, - ამბობს გელა ჯალიაშვილი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები