ახალგახსნილი სასტუმრო ,,ქვევრების" სერვისებზე მოთხოვნა თვიდან თვემდე მატულობს. ტურისტულმა ობიექტმა ორიგინალური ფორმით და კონცეფციით ყურადღება მალევე მიიქცია და დღეს უკვე თამამად შეიძლება თქმა, რომ სტარტი წარმატებულია. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, სტუმრების ნახევარზე მეტი, დაახლოებით 60-65% უცხოელი ტურისტები არიან.
„ძალიან კარგი დასაწყისია, განსხვავებული კონცეფციით ,,ქვევრებმა" დიდი ინტერესი გამოიწვია. სულ რამდენიმე თვის გახსნილი ვართ და მოთხოვნა განუხრელად იზრდება, დადებითი დინამიკა არ შეცვლილა. ქვევრის ტიპის ნომრებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, მეტი დატვირთვა მოდის. თავიდანვე ველოდით დაინტერესებას, რაც არ უნდა იყოს, სიახლეა, მსგავსი რამ პირველად გაიხსნა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიო მასშტაბითაც, ქვევრის ფორმის ნომრების კონცეფცია აშკარად გამორჩეულია, რასაც ემატება მაღალი დონის სერვისები, რაც დამატებითი სტიმულია მომხმარებლებისთვის. დამსვენებლების 60-65%-ს უცხოელები შეადგენენ, დანარჩენს - ადგილობრივები", - ამბობს გიორგი როჩიკაშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმას, სასტუმროს დირექტორი არ გამორიცხავს გაფართოებას და ახალი ობიექტის გახსნას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
რაც შეეხება სასტუმროს ინფრასტრუქტურას, როგორც გიორგი როჩიკაშვილი განმარტავს, ტერიტორია სამ ჰექტარს მოიცავს. განთავსებული გვაქვს 20 ქვევრ-ნომერი, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია, ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე, ღია აუზი გათბობით, რომლის პარამეტრებია 20/7-ზე, საკმაოდ დიდი და კომფორტულია.
პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.
უახლესი
56 წუთის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა