ტექინსპექტირების სფეროში რეგულაციების დაწესებამ ავტომობილების ტექნიკური გამართულობის კუთხით არსებული მდგომარეობა საგრძნობლად შეცვალა.
2023 წლის აპრილ-მაისში დახარვეზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მაჩვენებელი 30%-დან 20%-მდე შემცირდა, რის ტენდენციაც გრძელდება.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, სექტემბერშიც დახარვეზების შემთხვევები 20%-ს შეადგენს, ხოლო მომართვიანობა გაზრდილია.
აქედან გამომდინარე, როგორც იორდანიშვილი Business Insider Georgia-თან განმარტავს, წლის ბოლოსთვის მიმართვიანობა სავარაუდოიდ 900 000-ს მიაღწევს.
,,განმეორებით ტექინსპექტირებაზე გადასახადის დაწესებამ დადებითი გავლენა მოახდინა. მძღოლები ცდილობენ, პირველივე ჯერზე მოაწესრიგონ მანქანები, რამაც ვითარება საგრძნობლად გააუმჯობესა.
როგორც ცნობილია, 2023 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა როგორც რეგლამენტში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პირველი ის, რომ აპრილიდან ჯარიმები გაიზარდა და სექტემბრიდან დაიწყო გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი გარემოს ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
ამასთან, ავტომობილებს შეეძლოთ მოძრაობა გზებზე ისე, რომ ყოველთვე მისულიყვნენ ტექინსპექტირების სერვისებში, დახარვეზების შემთხვევაში, 30-დღიანი ვადით ევლოთ გზებზე და ამის შემდეგ კვლავ მისულიყვნენ ცენტრებში და მოძრაობის უფლება ისევ ამავე პერიოდით აეღოთ. ახლა უკვე განმეორებით ტექინსპექტირებაზე დახარვეზებული ავტომობილის მომდევნო ინსპექტირება 1-კვირიან ვადამდე შემცირდა და საფასური სრულად არის გადასახდელი. შედეგად, ცვლილებამ გამოიწვია, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში მომართვიანობა გაიზარდა დაახლოებით 20%-ით", - ამბობს იორდანიშვილი.
მისი განმარტებით, 2022 წელს თუ მიმართვიანებობის მაჩვენებელი იყო 800 ათასამდე, არ არის გამორიცხული, 2023 წელს 900 ათასის ფარგლებში დაფიქსირდეს.
,,გარდა ამისა, გაზრდილი მიმართვიანობის პარალელურად დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობა მცირდება.
პირობითად, აპრილ-მაისში დახარვეზების მაჩვენებელი 30%-დან 20%-მდე შემცირდა. ეს ის პერიოდია, როდესაც დაანონსდა ჯარიმების დაწესების შესახებ, სექტემბერში ისევ ზრდის ტენდენციაა ანალოგიური მაჩვენებლით - 20%-იანი კლება ფიქსირდება", - აცხადებს იორდანიშვილი Business Insider Georgia-თან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, ივლისიდან საავტომობილო გზებზე გამონაბოლქვი სპეციალური აპარატებით კონტროლდება.
კერძოდ, ავტომობილში მავნე ნივთიერებების გადაჭარბების დადასტურებისას ფიზიკურ პირზე ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო 30 დღის განმავლობაში, დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა სამმაგდება და 300 ლარს შეადგენს. იურიდიული პირების შემთხვევაში სანქცია უფრო მკაცრია და პირველ ჯერზე 500 ლარით განისაზღვრება.
უახლესი