უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, რომლის ფარგლებშიც შევისყიდით აეროპორტის გენერალური გეგმის პროექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ვაზიანის აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ქვრივიშვილის განმარტებით, აეროპორტის დაგეგმარებაში მონაწილეობისთვის უკვე გამოხატულია დიდი ინტერესი მსოფლიოში წამყვანი, საერთაშორისო კომპანიების მხრიდან.
„ჩვენ გაქვს ამბიციური გეგმა, რომ საქართველოში აშენდეს, ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც გათვლილი იქნება 20 მლნ-მდე მგზავრთნაკადზე. უკვე გვაქვს დაწყებული სამუშაოები, რომ ახლო მომავალში პირველი ნაბიჯები გადავდგათ, იმისთვის,რომ დავიწყოთ სამზადისი აეროპორტის დაგეგმარების თუ შემდგომი მშენებლობის კუთხით. ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ საერთაშორისო ტენდერს, რომლის ფარგლებშიც შევისყიდით აეროპორტის გენერალური გეგმის პროექტს. ძალიან სასიხარულოა და შემიძლია ვთქვა, რომ პირველადად გამოკვეთილია ძალიან დიდი ინტერესი მსოფლიოში წამყვანი, საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რომელთაც აქვთ ინტერესი, რომ ჩაერთონ ვაზიანის აეროპორტის დაგეგმარებაში. ჩვენ ამ პროექტში ჩართული გვეყოლება წამყვანი საავიაციო და არასაავიაციო კომპანიები, რომელთან ერთადაც დავგეგმავთ ისეთ აეროპორტს, რომელიც იქნება არამხოლოდ რეგიონში არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.
ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს ტრანზიტულ-ლოგისტიკურ როლს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი