საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს. 12% – თურქეთს, 9% – აშშ-ს.
ეკონომიკური საფრთხის მხრივ, რუსეთს უმთავრეს საფრთხედ 69%, თურქეთს – 11%. აშშ-ს – 6%, ჩინეთს – 5% ასახელებს.
გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა და ნაკლებსავარაუდოა, გაგრძელდეს. 16% ამბობს, რომ დასრულდა და სავარაუდოა, გაგრძელდეს. 73% მიიჩნევს, რომ აგრესია არ დასრულებულა. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია.
IRI-ის შეფასებით, ქართველები ცალსახად შეშფოთებულები არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით. კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს.
გამოკითხულთა 73% თვლის რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში, უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% თვლის რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკა საზოგადოების პოლარიზაციისკენ არის მიმართული.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა