დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადასახადის ზრდა რუსეთში  ქართული ღვინის ექსპორტს შეამცირებს - ,,თელავის ღვინის მარანი“

გადასახადის ზრდა რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტს შეამცირებს - ,,თელავის ღვინის მარანი“

22-07-2023 13:00:21

 

რუსეთის მხრიდან ღვინის იმპორტზე გადასახადის მოსალოდნელ გაძვირებას ქართული ინდუსტრიის წარმომადგენლები ეხმაურებიან. სექტორში აცხადებენ, რომ ბაზარი არასტაბილურია და დივერსიფიკაციის მიმართულებით ზომები უნდა გააქტიურდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ რამაზაშვილი აცხადებს, რომლის შეფასებითაც, გადასახადის ზრდას ავტომატურად მოჰყვება ექსპორტის კლება რუსეთის ფედერაციაში.

`რუსეთი თავისი მოულოდნელი ქმედებებით ყოველთვის ამტკიცებს, რომ არასტაბილური ბაზარია და არ ღირს მასზე იმედის დამყარება. ისედაც გაურკვეველი მოლოდინებია განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე გლობალური პროცესების გამო, რის გამოც გრძელვადიანი პროექტების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. მით უმეტეს, რუსეთში, რომელიც არასანდო პარტნიორია.

თუკი იმპორტის გადასახადს გააძვირებს, რა თქმა უნდა ამ ბაზარზე ორიენტირებულ კომპანიებს პრობლემას შეუქმნის და ექსპორტი ამ მიმართულებით შემცირდება, ეს ცალსახაა. სტანდარტული ფრაზაა, რომ უნდა მოვახდინოთ ბაზრების დივერსიფიკაცია, ხშირად გვესმის ეს მოწოდება, მაგრამ რეალურად სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რომ ინდუსტრია სწორად განვითარდეს და სტაბილური მიწოდების შესაძლებლობა ჰქონდეს, ჩვენ ეს გამოგვივიდა“, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.

ცნობისთვის, „თელავის ღვინის მარნის“ პროდუქცია უკვე 34 ქვეყანაში გადის. კომპანია 50 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის, სუფრის ღვინოები, რეგიონული ღვინოები, ადგილწარმოშობის, ერთი ვენახის და ქვევრის, ანუ სატრაპეზო ღვინო, რომელიც ყველაზე მაღალ საფასო კატეგორიაშია.

რაც შეეხება რუსეთში ღვინოზე იმპორტის გადასახადის დაწესების საკითხს, ცნობილია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ საკითხს განიხილავს. მათი არგუმენტით, გადასახადის 12,5%-მდე გაზრდა შექმნის სამართლიან საბაზრო პირობებს, ვინაიდან რუსული ღვინის მთავარი კონკურენტს მათთვის სწორედ ქართული ღვინო წარმოადგენს.

,,საქსტატის მონაცემით, 2023 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან ექსპორტზე, ჯამში, $126 მილიონის ღვინო გავიდა, რომლის თითქმის 65%, ანუ $81 მილიონი სწორედ რუსეთზე მოდის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები