დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადამზიდავი კომპანიები ტარიფებს აძვირებენ  - Kairos Logistics-ი

გადამზიდავი კომპანიები ტარიფებს აძვირებენ - Kairos Logistics-ი

28-09-2023 13:00:21

გადამზიდავი და ლოგისტიკური კომპანიები ტარიფებს აძვირებენ, რაზეც ძირითადი გავლენა საწვავის ფასმა მოახდინა.

როგორც Kairos Logistics-ის დირექტორი მიხეილ ნამადოვი Business Insider Georgia- თან აცხადებს, საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდება, სავარაუდოა საფასო ცვლილებები ლოგისტიკის ინდუსტრიაში, რაც ფაქტობრივად დაწყებულია.

,,საწვავი ლოგისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ამიტომაც ფასების ცვლილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ტრანსპორტირების ღირებულებაზე დაწყებული სახმელეთო, დამთავრებული საზღვაო თუ საჰაერო ტრანსპორტზე. საწვავის ფასების ზრდის ტენდენცია თუ გაგრძელდა, სავარაუდოა, ვიხილოთ გარკვეული ცვლილებები ლოგისტიკის ინდუსტრიაში. კერძოდ, როდესაც მდგრადობა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გახდება, ძლიერი ლოგისტიკური კომპანიები აქცენტებს ენერგოეფექტურ ტრანსპორტზე შეაჩერებენ, მოსალოდნელი იქნება უფრო დიდი ინვესტიციები ელექტრო და ჰიბრიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში. 

გარდა ამისა, ბიზნესები უფრო ფოკუსირებულები გახდებიან მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისაკენ, რათა შემცირდეს ტრანსპორტირების მანძილი და საწვავის ფასების ზრდის საერთო გავლენამაც იკლოს. ამასთან, საწვავის მოხმარების მინიმალიზაციისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ინდუსტრიაში ჩართულ ,,მოთამაშეებს" უფრო მეტი მიმღებლობა ექნებათ თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ, რაც მათ მარშრუტების ოპტიმიზაციასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში დაეხმარებათ.

საერთო ჯამში, საწვავის ღირებულების ზრდა გამოიწვევს გავლენას მომხმარებელზე, მზარდი სატრანსპორტო ხარჯები გაზრდის პროდუქტის ღირებულებას დახლებზე და ხარჯების შემცირების მიზნით შესაძლებელია გაიზარდოს სატრანზიტო პერიოდი", - აცხადებს მიხეილ ნამადოვი. 

ოფიციალური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში 2023 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა 348 ათას ერთეულს აღემატება, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57.8%-ით მეტია.

ნამადოვი ფიქრობს, რომ ქართულ პორტებში ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება და მსოფლიო ბაზარზე, ამ ობიექტების მნინშვნელობა გაიზრდება. 

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები