2022 წლის გაზაფხულზე ფონდ Infinitart-ის დამფუძნებელმა ჩიპრიან ადრიან ბარსანმა, საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ეროვნულ გალერეასთან მოლაპარაკებასა და შეთანხმებაში. ბარსანის ეს ინოვაციური წამოწყება საფუძვლად დაედო გამოფენების სერიას როგორც კოპენჰაგენის „ლუიზიანას“ მუზეუმში, ასევე ქალაქ ბაზელის ფონდ „ბეიელერში“.
ბარსანის ძალისხმევამ გააღვივა ინტერესი და საფუძველი დაუდო ფიროსმანის დაბრუნებას დასავლურ ხელოვნებაში, რასაც ადასტურებს 2018 წელს შვეიცარიელი ხელოვნებათმცოდნე ბიჩე კურიგერის მიერ ორგანიზებული ტრიუმფალური გამოფენა ვენის „ალბერტინას“ მუზეუმში. ამ გამოფენას უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა: დამყარდა ისტორიული რეკორდი - სამი თვის განმავლობაში 415 000-ზე მეტი მნახველი. მიროს, მუნკის, შილეს და დიუშანის გამოფენებთან ერთად ის საერთაშორისო რეიტინგში 2019 წლის პოსტიმპრესიონისტული და თანამედროვე ხელოვნების გამოფენების ათეულში მოხვდა.
ალბერტინას მუზეუმში მოწყობილმა შთამბეჭდავმა გამოფენამ არა მხოლოდ ფიროსმანის შემოქმედების მასშტაბი წარმოაჩინა, არამედ დახვეწილად აღადგინა მისი 1916-წლისეული ხედვა ფიროსმანის მაგიდის მრავლისმეტყველი სკულპტურით. ეს სიმბოლიზმით გაჟღენთილი და სამარესავით პირქუში ექსპონატი ცნობილი იაპონელი თვითნასწავლი მაესტროსა და არქიტექტორის - ტადაო ანდოს ოსტატობასა და კრეატიულობას ადასტურებს.
ამ ყოველივეს ავსებდა უდავოდ ფიროსმანისთვის პატივის მისაგებად გამოფენილი ისეთი ცნობილი მხატვრების ძალზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები, როგორებიც არიან ადრიან გენი, გეორგ ბაზელიცი, იოშიტომო ნარა და სხვ.
ეს მხატვრული ოდისეა - გამოფენების მთელი წყება - გამოხატავს ბარსანის მისწრაფებას, მოკლედ გადმოსცეს ფიროსმანის აღთქმა. ნიკალას ნამუშევრებმა დაამშვენეს ჯერ ალბერტინას სახელგანთქმული დარბაზები და ვინსენტ ვან გოგის ფონდი ქალაქ არლში, სადაც მათ სანახავად უამრავი ვიზიტორი მივიდა, შემდეგ - ლუიზიანას მუზეუმი კოპენჰაგენში, რომელმაც მეოთხედ მილიონზე მეტ ხელოვნების გულმხურვალე თაყვანისმცემელს უმასპინძლა, ახლა კი ბაზელში - ფონდ ბეიელერში დაიდეს ბინა.
შვეიცარიისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ხელოვნების მუზეუმი ახლა აღთქმის სრულყოფილ პირველ თავს მასპინძლობს. ფიროსმანის აღთქმის ვრცელი ნარატივი ჩაფიქრებულია ოთხ თავად, რომლის მომდევნო სამი თავი შემდგომ ეპოქებში უნდა გაიშალოს.
საინტერესოა, რომ ბარსანმა არჩია, არ დასწრებოდა ფიროსმანის ვერნისაჟის გახსნას ფონდ ბეიელერში... გამოფენისა, რომლის მოწყობასაც თავად შეუწყო ხელი. ამის ნაცვლად, მან თავისი დასწრება სიმბოლურად გამოხატა პერფორმანსით, სადაც ქალი შავ კაბაში ფიროსმანისეულ შავ ფონს ეხმიანება.
ამ პერფორმანსის გზავნილია: ნუ მიწოდებ პრიმიტიულს!
ეს თამამი განცხადება ხაზს უსვამს იმას, რომ ფიროსმანი აღარ უნდა მიიჩნეოდეს პრიმიტიულ ან გულუბრყვილო მხატვრად, რადგან მისი ხელოვნება ამგვარ კლასიფიკაციას აღემატება.
მხატვრული აღორძინებისა და ახლებურად დანახვის ეს მოგზაურობა აისახა მრავლისმეტყველ ფრაზაში: ფიროსმანის ხელოვნება დღეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ნონკონფორმიზმი; ეს არის გარიყულთა და უგულებელყოფილთათვის დატოვებული ანდერძი... ადგილი, სადაც დაჩაგრული - აღიარებას, ხოლო დამსხვრეული ოცნებების ზღაპრები იმედს ჰპოვებენ და მკვდრეთით აღდგებიან.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა