ფერმერები სახელმწიფოსგან სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების 10%-იანი დაფინანსების გაზრდას ითხოვენ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელმა ავთანდილ მაისურაძემ განუცხადა.
„1კვ/მ ბადის ღირებულებაა 1 ლარი. სეტყვისგან დამცავ ბადეზე მოთხოვნა არის, მაგრამ ფერმერები ელოდებიან დაფინანსების გაზრდას. ცნობილია, რომ სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ სარწყავ სისტემას აფინანსებს 50%-ით, ნერგებს -70%-ით, ხოლო სეტყვის საწინააღმდეგო ბადის სისტემის მოწყობას აფინანსებს 10%-ით. ასევე აქვთ დაბალპროცენტიანი საბანკო სესხი.
როცა საწარმო გაიხსნა ჩვენი საწარმო, პრეზენტაციას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია. მას ფერმერების თხოვნის შესახებ ინფორმაცია გადავეცით, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია“, - ამბობს ავთანდილ მაისურაძე.
მისივე თქმით, სახელმწიფოს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების სუბსიდირება უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე სეტყვის შედეგად დაზიანებული მოსავლისა და ფერმერების ზარალის ანაზღაურება. რადგან დამცავი ბადეებით უფრო მეტი ფართი დაიფარება და შესაბამისად სეტყვისგან მიყენებული ზარალი უფრო მცირე იქნება.
რაც შეეხება დამკვეთებს, როგორც „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე ამბობს, კომპანია მცირე შეკვეთებზე მუშაობს, ხოლო, თუ სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოსაწყობად სუბსიდირებას გაზრდის, „აგრობადის“ შეკვეთების რაოდენობა გაიზრდება.
ქარელის რაიონის სოფელ რუისში 6 თვის წინ გახსნილი საწარმო „აგრობადე“, ერთად-ერთია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ბადის წარმადობა დღე-ღამეში 10 ათასი კვადრატულ/მეტრს შეადგენს .
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ მხარდაჭერით, 2020 წლის დასაწყისიდან სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით საქართველოს ბაღების დაახლოებით 180 ჰექტარი დაიფარა.
ბოლო მონაცემებით, 2023 წელს სეტყვისაგან დამცავი სისტემებით კიდევ 65 ჰექტარი დაიფარა. საშუალოდ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები წლიურ ჭრილში 45 ჰექტარზე დამონტაჟდა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 10%-ს აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფ ხაზთან (რუსული ოკუპაცია) და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში, მთლიანი ღირებულების 20%-ზე მეტი ფინანსდება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, პროგრამის ფარგლებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებში ჯამურმა ინვესტიციამ 2020-2022 წლებში $2,3 მილიონი შეადგინა. აქედან დაახლოებით $18-20 ათასი ჰექტარზე.
მთლიანობაში, პროგრამის დაწყებიდან, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული 2023 წლის ახალი მონაცემების ჩათვლით, სუფრის ყურძენის ვენახებში სისტემა მთლიანი ფართობის 17%-ზე დამონტაჟდა, ხოლო დანარჩენს ვაშლი, ალუბალი და მსხალი იკავებს. 2023 წელს ახალი ინვესტიცია (65 ჰექტარზე) მხოლოდ ვაშლის ბაღებში განხორციელდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ვაშლს უჭირავს მთლიანი დაფარული ან უახლოეს მომავალში დასაფარი ფართობის მინიმუმ 71%.
უახლესი