ხელნაკეთი თექის ფაჩუჩების მწარმოებელი კომპანია „ფაჩუჩი“, რომელიც დაახლოებით ორი წელია ბაზარზე ოპერირებს, წარმოების ზრდას გეგმავს. კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ფაჩუჩის“ თანადამფუძნებელს ელენე ბლიაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია.
„ასორტიმენტი უცვლელია და ძირითადად, ვმუშაობთ მხოლოდ ფაჩუჩებზე. მოთხოვნა და ინტერესი მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მზარდია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ელენე ბლიაძე.
„ფაჩუჩი“ აქტიურად გეგმავს სახელოსნოს გაფართოებას. გარდა ამისა, სამომავლო გეგმებში წარმოების ზრდაც შედის.
„გეგმაში გვაქვს სახელოსნოს ცვლილება. გარდა ამისა, გვსურს წარმოების ზრდაც. წინა წელს თუ გავყიდეთ დაახლოებით 500-700 რაოდენობის ფაჩუჩი, გვსურს რაოდენობა 1000-1500-მდე გავზარდოთ, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი ელენე ბლიაძე.
ზამთრის პერიოდში პროდუქცია გაიგზავნა ინგლისში, საიდანაც საკმაოდ კარგი გამოხმაურებები იქნა მიღებული.
„ინგლისში გავაგზავნეთ საკმაოდ დიდი შეკვეთა. ამ ზამთარში დაახლოებით 80 წყვილი წაიღეს და კარგი გამოხმაურებაც მოჰყვა. ადგილობრივი ქართველი დაგვიკავშირდა, რომელიც ეპოქსიდის ნივთებით პატარა სუვენირებს აკეთებდა და დაიმატა ჩვენი თექის ფაჩუჩებიც. გაზაფხულიდან, ვგეგმავთ ტურისტული სეზონისთვის მზადებას “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი ელენე ბლიაძე.
უახლესი