ევროკომისია და ევროპის საინვესტიციო ბანკი აპირებენ 1,5 მილიარდი ევროს ინვესტირებას ცენტრალურ აზიაში სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებში რეგიონიდან სატრანსპორტო დერეფნის შესაქმნელად.
ამის შესახებ ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში Global Gateway-ის სატრანსპორტო საინვესტიციო ფორუმის გახსნისას განაცხადა, რომელიც ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის სატრანსპორტო კავშირებს მიეძღვნა.
„11 ათასი კილომეტრის სიგრძის სატრანსპორტო დერეფანმა უნდა დააკავშიროს ჩვენი რეგიონები და ტვირთების გადაზიდვის დრო 15 დღე ან ნაკლები იქნება. ჩვენ უნდა გავხადოთ ეს დერეფანი კონკურენტუნარიანი. ჩვენ ვაპირებთ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს. ამიტომ, ევროპული კომისია და ევროპის საინვესტიციო ბანკი აპირებენ ცენტრალური აზიის სატრანსპორტო შესაძლებლობებში 1,5 მილიარდი ევროს ინვესტირებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისარმა.
ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ფორუმზე დამსწრე ევროპული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები გამოყოფენ 10 მილიარდ ევროს ცენტრალურ აზიაში მდგრადი სატრანსპორტო კავშირის მხარდასაჭერად და ინვესტიციებისთვის.
ფორუმის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აუცილებელია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გადაქცევა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დამაკავშირებელ თანამედროვე, მულტიმოდალურ და ეფექტურ მარშრუტად 15 დღის განმავლობაში.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
უახლესი