დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
EU-მ უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც მთავრობას ეს არ სურდეს - პრეზიდენტი

EU-მ უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც მთავრობას ეს არ სურდეს - პრეზიდენტი

09-03-2023 09:13:40

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „უცხოეთის აგენტების კანონს“ ანტიკონსტიტუციურს უწოდებს; აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციას მუდმივად სურს საქართველოსთვის საკუთარი გავლენის თავს მოხვევა და შესაძლოა, უკრაინაში მარცხის ფონზე, „სადმე სხვაგან“ წარმატების მიღწევა სურდეს.

თუმცა, მისი თქმით, ამას საქართველომ ყურადღება არ უნდა მიაქციოს და გააგრძელოს ევროპისკენ სვლა, ევროკავშირმა კი მას მხარი უნდა დაუჭიროს, სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თუნდაც ეს მთავრობას არ სურდეს.

France 24-ის ჟურნალისტის კითხვაზე, - ფიქრობს თუ არა, რომ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება „რუსული ინტერვენციაა“, პრეზიდენტმა უპასუხა:

„რუსეთი არასოდეს არის შორს. მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, იგი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში, ბოლო ორ-ნახევარი საუკუნეა, გამუდმებით გვიტევს და აგრესიას იჩენს ჩვენდამი. ასე რომ, მას მუდმივად აქვს ცდუნება იმისა, რომ თავისი ნება თავს მოგვახვიოს. შეიძლება, ეს ცდუნება ძლიერდება, რადგან ისინი აგებენ ომს უკრაინაში და სურთ, წარმატებას სადმე სხვაგან მიაღწიონ.

მაგრამ მე არა მგონია, რომ უნდა ვცდილობდეთ იმის განჭვრეტას, თუ რა სურს ან არ სურს რუსეთს, რადგან რუსეთი ახლა სუსტდება, მთელი ევროპა, შეერთებული შტატები ხედავს იმას, რაც ჩვენ მანამდეც ვიცოდით, - თუ როგორია რუსეთის ნამდვილი ბუნება. ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა: ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად უნდა გავაძლიეროთ, დავაჩქაროთ ჩვენი გზა ევროკავშირისაკენ. ეს არის ერთადერთი პასუხი იმის მიუხედავად, თუ რა შეიძლება უნდოდეს რუსეთს“.

სალომე ზურაბიშვილმა იქვე ახსენა რუსეთის 2 სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს, და განაცხადა, რომ არ არის საჭირო, გამოვიცნოთ, რა სურს რუსეთს, უნდა გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სვლა, ევროკავშირმა კი „სტრატეგიული გადაწყვეტილება“ უნდა მიიღოს:

„ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის სურვილების გამოცნობას კი არ ვცდილობდით, არამედ ვაგრძელებდით სიარულს ჩვენს გზაზე. და ეს გზა მიდის ევროპისკენ. აი, აქ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. გვჭირდება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება, მთავრობის [ნების] წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში „ანტიკონსტიტუციური“ უწოდა ამ კანონის მიღებას:

„ჩვენი კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა ინსტიტუციას, მთავრობს, პარლამენტს, პრეზიდენტს, რომ ყველაფერი იღონოს, რათა ევროპული ინტეგრაცია მოხდეს. და ამიტომაც, ამ აზრით, ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია. ეს არის ის, რასაც ვამბობ, რასაც გავიმეორებ და რასაც ქართველი ხალხი ამბობს ქუჩაში დემონსტრაციებით“.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებების აცდენა მათს ქმედებებთან:

„მსურს, ვუთხრა საქართველოს მთავრობს, ხელისუფლებას: როდესაც ევროინტეგრაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სურთ ევროკავშირში, ამას აზრი არ აქვს, თუკი [საწინააღმდეგოდ] მოქმედებენ და იღებენ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს. ასე რომ, უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის სურვილი, მანდატი, რაც მიღებული აქვთ, რადგან ამ მთავრობამ, როგორც მე, აგვირჩიეს ევროკავშირში შესასვლელად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ საქართველოს მოსახლეობას“.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

რადიო „თავისუფლება“

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები