დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების კანონი საქართველოს ბიზნესგარემოს მკვეთრად გააუარესებს - გიორგი პაპავა

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების კანონი საქართველოს ბიზნესგარემოს მკვეთრად გააუარესებს - გიორგი პაპავა

07-03-2023 13:30:10

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების კანონის მიღება საქართველოს ბიზნესგარემოს დააზარალებს და ამის გავლენას უკლებლივ ყველა სექტორი იგრძნობს - ასე აფასებს ,,ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ეკონომისტი გიორგი პაპავა, რომლის შეფასებითაც, ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების კანონი ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

„კანონპროექტი მტრად სახავს დასავლელ პარტნიორებს. ამიტომ მისი გავლენაც იქნება მკვეთრად ნეგატიური. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კანონმდებლობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს

„უცხოური აგენტის“ სტატუსს ანიჭებს. საერთოდ, მას რაიმე კუთხით პოზიტიური გავლენა არ შეიძლება ჰქონდეს, მით უმეტეს, ქვეყნის ბიზნესკლიმატზე. როდესაც დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ კანონი არ უნდა მივიღოთ, თუკი მათი მხრიდან რაიმე ინტერესია ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათი განხორციელება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

ის, რომ ბიზნესზე არ ვრცელდება, კანონი, არგუმენტად ვერ გამოდგება, ვინაიდან იგი ეხება საქართველოს პოლიტ-ეკონომიკურ კურსს, რასაც დიდი ზიანი მიადგება. ცხადია, ეს არ არის საგადასახადო ცვლილება, რომ ბიზნესზე მოკლევადიან პერიოდში აისახოს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ შედეგს ყველა იგრძნობს.

როდესაც დასავლურ ორიენტაციაზე გვაქვს სწორება და ამ დროს სახელმწიფო იღებს კანონს, რომელიც ამ ინტეგრაციის საწინააღმდეგოა, ქვეყნის იმიჯზეც აისახება და ინვესტიციებზეც, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით", - აცხადებს გიორგი პაპავა Business Insider Georgia- თან.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.

კანონპროექტების განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები