მიმდინარე წელი ET პრეფორმების ქართულ ბაზარზე ლიდერი კომპანია ,,ალფა პეტის" საქმიანობაში ერთ-ერთი საუკეთესოა. კომპანია სტაბილურად ზრდის წარმოებას და პოზიციებს წლიდან წლამდე აუმჯობესებს. როგორც კომპანიის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა დოლმაზაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ET პრეფორმების თვალსაზრისით, ამ ბიზნესში მყარი პოზიციები აქვთ და ძირითადი მომწოდებლები არიან ბაზარზე, რაც შეეხება რძის პროდუქტების ტარას (IML ჭიქა) მიმართულებას, მოთხოვნა შედარებით ნაკლებია, რაც ამ პროდუქტის უნიკალურობით და ფასით არის გამოწვეული.
,,პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების პარალელურად რძის პროდუქტების ტარას (IML ჭიქა) ვაწარმოებთ. თუკი პირველ შემთხვევაში ბაზრის 70% გვიკავია, IML-ის მიმართულებით საგრძნობი მატება არ გვაქვს. ეს გამოწვეულია ამ პროდუქტის უნიკალურობით, მასალის სისქე და სტრუქტურა განსხვავებულია, ფასიც შესაბამისად მაღალია და ნაკლებად გამოიყენება ბაზარზე. ამდენად, კლიენტების დიდი ნაწილი ამ პროდუქტით ვერ ინტერესდება, თუმცა შედარებით გაიზარდა ექსპორტი, მსხვილ კომპანიებში მიწოდებაც, გაყიდვები წელს, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 15 %-ით არის გაზრდილი", - ამბობს ლიკა დოლმაზაშვილი.
მისი ინფორმაციით, წარმოებაში კომპანია ყოველთვის იყენებს პოლიეთილენტერეფტალატის მაღალხარისხიან გრანულებს. გარდა ამისა, აქვს საკუთარი აირის ქრომატოგრაფი და შესაძლებლობა, რომ თითოეული მიწოდება ანალიზის სერტიფიკატით უზრუნველყოს.
„პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოების დიდი ნაწილის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. გარკვეული რაოდენობით ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გადის. წარმოებაში ვიყენებთ პოლიეთილენტერეფტალატის მაღალხარისხიან გრანულებს. ყველა ტიპის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთან, ასევე რძისა და რძის პროდუქტების კომპანიებთან ვთანამშრომლობთ", - აცხადებს ლიკა დოლმაზაშვილი.
ჯამში წლიური წარმოება 500 მილიონი ერთეულია, საიდანაც IML ჭიქების წილი 15%-ია.
ამ ეტაპზე კომპანიაში 75 ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, ალფა პეტი / Alfa Pet -ი 2007 წელს ქალაქ რუსთავში დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებლები არიან “ EBRD” (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და ,,GEAR HOLDING,, (დიდი ბრიტანეთი).
კომპანია 24/7-ზე მუშაობს და ულტრათანამედროვე მანქანებითაა აღჭურვილი. კანადური წარმოების “Husky Injection Moulding” მანქანები აწარმოებენ სხვადასხვა სახის PET პრეფორმებს, ხოლო შვეიცარიული კომპანია “Kraussmaffer” მანქანა რძის კონტეინერების წარმოებისთვის გამოიყენება.
უახლესი