საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ანალიტიკური და კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას აგრძელებს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ემსახურება დისკუსიის ხელშეწყობას და უკუკავშირის მიღებას. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებულია ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ/მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.
მორიგი კვლევითი ნაშრომი, "ენდოგენური სანდოობა და ეკონომიკური მოდელირება: პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის მორგება თანამედროვე გამოწვევებზე", მომზადდა დუგლას ლაქსტონის, ჰაიკაზ იგიტიანისა და შალვა მხატრიშვილის მიერ. სტატია წარმოადგენს პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის განახლებულ მიდგომას (FPAS Mark II), რომელიც მხედველობაში ღებულობს მერვინ კინგის მოწოდებას, რომ ეკონომიკური მოდელები უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკის გამტარებლების მიმართ ენდოგენურ სანდოობას, სადაც ეს სანდოობა მათ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ეს სანდოობა იზომება როგორც გრძელვადიანი ინფლაციის მოლოდინების სტაბილურობით, ასევე იმით, ასრულებენ თუ არა შოკების შთანთქმის ფუნქციას საპროცენტო განაკვეთები და გაცვლითი კურსი. FPAS Mark II მონეტარული პოლიტიკის ანალიზისას რისკ მენეჯმენტის პრინციპებს ითვალისწინებს (Monetary Policy as Risk Management - MPRM), რაც გვაძლევს საშუალებას ეს ჩარჩო, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომით, უკეთ იქნას გამოყენებული მნიშვნელოვნად მომატებული გაურკვევლობის პირობებში, მათ შორის დროში ცვალებადი სანდოობის გათვალისწინების კუთხით.
კვლევითი ნაშრომების ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.
უახლესი