საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონებში მოქალაქეობის მასწავლებელთა მხარდაჭერას განაგრძობს. სებ-ის ორგანიზებით, მასწავლებლებს ტრენინგები ჯერ ონლაინ, ხოლო მოგვიანებით პირისპირ, ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმში ჩაუტარდათ.
ტრენინგზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები განიხილეს, როგორიცაა პროფესიის არჩევა, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, ფინანსური პროდუქტები, დაზღვევა, საფინანსო სექტორის მომხმარებლის უფლებები. მასწავლებლები, თეორიული საკითხების გარდა, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და საკლასო აქტივობებსაც გაეცნენ, რაც მათ დაეხმარებათ ინტერაქტიული გაკვეთილების დაგეგმვაში, მოსწავლეებს კი საკითხების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული კუთხით დანახვაში.
ტრენინგთან ერთად, მონაწილეებს ასევე ჩაუტარდათ სპეციალური ტური ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში. მონაწილეები გაეცნენ ქართული ფულის ისტორიას, დაათვალიერეს უნიკალური სამუზეუმო ექსპონატები.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სულ 35-მდე მასწავლებელი გადამზადდა. ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დამხმარე სასწავლო მასალა.
მასწავლებელთა გადამზადების პროცესი ფინანსური განათლების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, 2018 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, საგან "მოქალაქეობაში" ინტეგრირდა. ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ "შპარკასეს" მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა გაძლიერების პროგრამები 2019 წლიდან დაიწყო. შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელოები მე-7 და მე-9 კლასის მასწავლებლებისთვის და დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება. დღემდე ამ პროექტის ფარგლებში გადამზადდა 750-ზე მეტი მასწავლებელი.
უახლესი
3 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა