დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულ გამოცდებზე წელს 4 292 ნაშრომი გასაჩივრდა, შეფასება შეიცვალა 1 498 შემთხვევაში - სოფიო გორგოძე

ეროვნულ გამოცდებზე წელს 4 292 ნაშრომი გასაჩივრდა, შეფასება შეიცვალა 1 498 შემთხვევაში - სოფიო გორგოძე

29-08-2023 12:04:43

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია, ამასთან, შეფასება შეიცვალა სულ 1 498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთა აპელაციის შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა. გამოსაცდელებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

მისივე თქმით, პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს.

ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება.

შეგახსენებთ, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია“, – განაცხადა გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.

„გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა – 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41;
ინგლისური ენა – 754; რუსული ენა – 15; გერმანული ენა – 19; ფრანგული ენა – 2; მათემატიკა – 510; ისტორია – 796; გეოგრაფია – 29; ბიოლოგია – 228; ქიმია – 60; ფიზიკა – 40; ლიტერატურა – 52; ხელოვნება – 7; სამოქალაქო განათლება – 114.

შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1 473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში.

აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ“, – განაცხადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები