ენგურის კაშხალზე ტურების რაოდენობა ინტენსიურად მატულობს. დასავლეთ საქართველოში ახალ ტურისტულ ობიექტს უკვე ათასობით ვიზიტორი ჰყავს. ობიექტი სულ 62 ათასამდე ვიზიტორმა მოინახულა.
მარტო წელს, მაისი-ივნისი-ივლისის პერიოდში ამ მაჩვენებელმა 23 000 შეადგინა, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 12 000 იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia -თან ამბობს ,,ენგური ატრაქციას“ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს.
მისი თქმით, მაქსიმალურად არიან დაინტერესებული, რომ ენგურის კაშხალი საინტერესო ტურისტული ადგილი გახდეს რეგიონში არა მარტო გავლით მგზავრებისთვის (სვანეთში მიმავალი დამსვენებლებისთვის) , არამედ უფრო აქტიურად მოეწყოს სპეციალური ტურები, რის ტენდენციაც შეიმჩნევა.
„გეომეტრიული პროგრესით იზრდება დაინტერესებული ადამიანების ვიზიტების რაოდენობა კაშხალზე. მაისი-ივნისი ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია ვიზიტორების რიცხვი და მომავალშიც მეტი აქტიურობას ველოდებით. სანახაობრივად მეტი სიახლე გვექნება ვიზიტორებისთვის, რომ უფრო მეტად დავაინტერესოთ.
ამ ეტაპზე 3 სახის ტურს ვთავაზობთ. პარალელურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების ნორმების დანერგვაზე. სამომავლოდ სერვისებს დაემატება ციფრული ინსტალაციები, კინოთეატრის სივრცე, მუზეუმი და სხვა, რაც მეტ ადამიანს დააინტერესებს და ცნობადობას უფრო მეტად გაზრდის“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია კერძო ინვესტორების შემოსვლა და ახალი პროექტების განხორციელება, რის პოტენციალის რეალურად არსებობს და გაცილებით მეტი სერვისის შეთავაზება გახდება შესაძლებელი.
„აქტიურად ვმუშაობთ, რომ ცნობადობა გაიზარდოს. ადრე, თუკი ობიექტი სვანეთში მიმავალი მგზავრების ინტერესს იწვევდა, ახლა მატულობს იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ტურებს უკვე სპეციალურად გეგმავენ.
გვინდა, რაც შეიძლება მეტი ასეთი ვიზიტორი გვყავდეს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების სახით, რომლებიც ჩვენი ტურებით ინტერესდებიან“, - ანთიძე Business Insider Georgia -თან.
რაც შეეხება ტარიფებს, „ენგური ატრაქცია“ ვიზიტორებს სამი სახის ტურს სთავაზობს, რომელთა ღირებულებაც 4, 10 და 30 ლარია. ყველაზეე ძვირი ღირს სრული ტური, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, მათ შორის კაშხლის შიგნით საგვირაბე სისტემების ჩათვლით.
თითოეულ ტურზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები. სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები და სტუდენტები 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ, ხოლო 6-წლამდე ბავშვებისთვისა და ომის ვეტერანებისთვის ვიზიტი უფასოა.
ცნობისთვის, ადგილის კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, 2015 წელს ენგურის თაღოვან კაშხალს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის სამრეწველო მემკვიდრეობის სტატუსი.
2022 წლიდან ენგურის კაშხალი ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის წევრი გახდა.
2021 წლის ნოემბრიდან ვიზიტორებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ნახონ თაღოვანი კაშხლის ყველა მიმზიდველი ობიექტი და გაეცნონ ჰიდრო რესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოების ძირითად ასპექტებს.
კაშხალზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანია „ენგური ატრაქციაა“, რომელიც 2022 წელს შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაშია.
უახლესი