დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკა ყველასია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას - შოთა ბერეკაშვილი

ეკონომიკა ყველასია და ის განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას - შოთა ბერეკაშვილი

17-02-2025 16:06:00

თუ ჩვენ ეკონომიკური ზრდა გავაგრძელეთ, რისი მკაფიო ნიშნებიც არის, შესაძლოა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი ზრდისკენ გადაიხედოს და ისტორიაში პირველად მივაღწიოთ იმას, რომ საინვესტიციო რეიტინგის პირველ საფეხურზე ავიდეთ, - ამის შეახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა, რომ თითოეულ მოქალაქეს ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილური ფონი.

„S&P Global Ratings-ის ბოლო შეფასება, როგორც ვიცი თებერვლის დასაწყისში გამოვიდა, ის ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო შემფასებელია და საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურზე შეინარჩუნა. მინდა მაყურებელს ავუხსნა თუ რას ნიშნავს ეს. ზოგადად ეს არის საშუალოზე ცოტა მაღალი საინვესტიციო შეფასება, ეს შეფასება ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ ქვეყანამ მიიღოს საინვესტიციო მაღალი რეიტინგი, რომელიც არის BBB -, ასე, რომ ვთქვათ ერთი ნაბიჯი გვაკლია. ახლა როგორი მოლოდინებია, ჩვენ რომ ავიღოთ ქვეყნის შიდა მაკროეკონომიკური პარამეტრები, ძალიან ჯანსაღი ეკონომიკური პარამეტრები აქვს საქართველოს და პროგნოზები არის თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი შემფასებლებისგან როგორებიც არიან მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5-დან 6%-მდე გაიზრდება. თუმცა მათ ანალოგიური პროგნოზი ჰქონდათ 2024 წელს და ეკონომიკა 9,1%-ით გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სტრუქტურის მიმართულებით, ეკონომიკის სექტორების მიმართულებით მათ კარგი შეფასებები აქვთ. 

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანია ქვეყნის რეიტინგს აკეთებს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ რისკებს უყურებს. აქ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება შეფასებით ნაწილში და აგიხსნით რატომაც. მოლოდინი არის, რომ 2025 წელს უკრაინის ომი დასრულდება და ამის უკვე მკაფიო ნიშნებია. ეს ნიშნავს იმას, რომ გეოპოლიტიკური წნეხი და პოლიტიკური რისკები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში დღეს-დღეობით არსებობს მნიშვნელოვნად მოიხსნება. როდესაც ეს პოლიტიკური რისკები მოიხსნება, ისეთი კომპანიისთვის როგორიც არის S&P, შეფასებით ნაწილში აქ გაჩნდება შესაძლებლობა, იმის ფონზე, რომ თუ ჩვენ ეკონომიკური ზრდა გავაგრძელეთ და შევინარჩუნეთ, რისი მკაფიო ნიშნებიც არის, ჩვენი საკრედიტო რეიტინგი გადაიხედოს ზრდისკენ და ჩვენს ისტორიაში პირველად მივაღწიოთ იმას, რომ საინვესტიციო რეიტინგის პირველ საფეხურზე ავიდეთ. და ახლა ეს რას ნიშნავს ავხსნათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სხვა დონის, სისტემური ინვესტორები შემოდიან. იმიტომ, რომ სანამ ამ რეიტინგს არ მიაღწევს ქვეყანა, მაგალითად ისეთ მდიდარ ინვესტორებს, როგორიცაა საპენსიო ფონდებს შესვა ამ ქვეყნებში ეკრძალებათ, აქ უკვე სხვა დრონის კაპიტალის წვდომაზეა საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა, გარე პროცესებიც ხელს გვიწყობს. თუ კი შემცირდა პოლიტიკური რისკები ინვესტორებს უფრო დიდი მადა აქვთ, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ხომ? ამიტომ საჭიროა, რომ თითოეულ მოქალაქეს ეს ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შევინარჩუნოთ სტაბილური ფონი. მე რაც აღვწერე ეს არის გარე ფაქტორები და შიდა ეკონომიკის სტრუქტურა. მაგრამ ამას საჭიროა, რომ თითოეულმა მოქალაქემ შეუწყოს ხელი და თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენი ეკონომიკის მიმართ. იმიტომ, რომ ეკონომიკა ყველასია და ეკონომიკა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას. ახლა ახალი გამოწვევები იწყება, ახალი შესაძლებლობები იწყება. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გეოპოლიტიკური რისკები იყო ჩვენს გარშემო, ჩვენ არ შევედით ამ რისკებში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დავინახეთ შესაძლებლობები და ეს შესაძლებლობები გამოვიყენეთ. რამაც განაპირობა, რომ ჩვენი ეკონომიკა 4 წელიწადში გაორმაგდა 1 სულ მოსახლეზე თუ იყო 4,5 დოლარი, დღეს არის 9 ათასი დოლარი. თუმცა ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის, რომ ჩვენ ვიყოთ მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, კიდევ საჭიროა შრომა. ახლა იწყება ახალი ეტაპი, პოსტ უკრაინის ომის ეტაპი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ამის არ გამოყენება წარმოუდგენელია, არაფრით არ შეიძლება“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.  

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები