ეგვიპტე, თურქეთი, კვიპროსი - ეს ის სამი მიმართულებაა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები სექტემბერში დასვენებისთვის ირჩევენ. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანია „ავიაქსელში“ განუცხადეს, გასული წლის სექტემბერშიც მოთხოვნა ძირითადად ეგვიპტის და თურქეთის მიმართულებებზე იყო, თუმცა წელს დაემატა კვიპროსი.
„ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ეგვიპტე კერძოდ კი შარმ-ელ-შეიხი, ასევე თურქეთი და კვიპროსი. გასულ წელსაც თურქეთის საზღვაო კურორტები და ეგვიპტე საკმაოდ მოთხოვნადი იყო თუმცა წელს კვიპროსმა წინ წამოიწია და ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება გახდა“, - აცხადებს „ავიაქსელის“ გაყიდვების მენეჯერი ლელი აბესაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს, შარშანდელთან შედარებით, კვიპროსის მიმართულებაზე ფასები 10%-ითა გაზრდილი, მოთხოვნა უფრო გაზრდილია.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ლელი აბესაძის თქმით, ეგვიპტის ტურებზე ფასები სექტემბერზე იწყება 1500 ლარიდან, თუმცა არის გარკვეული შეთავაზებები, რომლის დროსაც ეგვიპტეში დასვენება ბევრად უფრო ბიუჯეტურადაცაა შესაძლებელი.
„ამ ეტაპზე ჩვენს მაგალითზე ყველაზე ბიუჯეტური მიმართულება მაინც შარმ-ელ-შეიხია. თურქეთის საზღვაო კურორტებზე ტურისტული პაკეტის ფარგლებში დასვენება სექტემბრის თვეში იწყება 2000 ლარიდან. თურქეთის მაგალითზე, გასული წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 30%-ით და უფრო მეტითაც კია გაზრდილი. სწორედ ამ ფონზე, ბიუჯეტიდან გამომდინარე თურქეთზე მოთხოვნა ოდნავაა შემცირებული, ეგვიპტეზე კი პირიქით გაზრდილია“, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ლილე აბესაძე.
„ავიაქსელის“ გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ სექტემბერზე უკვე გაზრდილია მოთხოვნა ასევე ისეთ ეგზოტიკურ მიმართულებებზე, როგორიცაა ინდონეზია და ტაილანდი.
თუმცა ეს უკვე სულ სხვა ტიპის დასვენებაა და ამ შემთხვევაში ბიუჯეტი 3500 ლარიდან იწყება. იქ ტურისტები წლის ნებისმიერ დროს სტუმრობენ, თუმცა ოქტომბრიდან იწყება წვიმების სეზონი და მოთხოვნა ალბათ შემცირდება“, - აცხადებს ლელი აბესაძე.
უახლესი